LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რა გატირებს ერთ დღეს ხომ მაინც მოკვდები და რა მნიშვნელობა აქვს როდისო” – რას ჰყვებიან მძევლები ბადრი ესებუას სასამართლო სხდომაზე

192
6017c1930a32c78aeda81d98c0bfc1aa

ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები, საქართველოს ბანკში მძევლად აყვანილი პირები გამოიკითხნენ.

მოწმეებმა ბანკში ნიღბიანი მძარცველის შემოსვლის წუთებიდან დაწესებულების დატოვებამდე სრული სურათი გაიხსენეს. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ დამნაშავე მძევლებს სიცოცხლის მოსპობით რამდენჯერმე დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდებოდა.

“რა გატირებს, ერთ დღეს ხომ მაინც მოკვდებიო და რა მნიშვნელობა აქვს, როდის… ძალიან ცუდად ვიყავი. გოგოებმაც უთხრეს, ცუდად არის, გაუშვიო, გაითვალისწინა და გამიშვა,” – აღნიშნა ერთ-ერთმა მძევალმა სასამართლოზე.

პირველი მოწმე, რომელიც პროცესზე დაიკითხა მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ატირდა.

,,მისი შემოსვლა, ყვირილი, ეს მუქარა, რომ ყველას დაგხოცავთ. მისი ბრძანების გარდა ვერაფერს ვაკეთებდი, შოკში ვიყავი. იმ დღიდან გასულია 2 წელი და ოთხი თვე, დღე არ გასულა, რომ ეს შოკირებული დღე ჩემთვის ვინმეს არ გაეხსენებინა. ფიზიკურად არ მქონია საშუალება, რომ ეს დღე დამევიწყებინა და ამომეგდო ჩემი თავიდან”, – იხსენებს მოწმე.

ცნობისთვის, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.