რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალურ ქმედებებს, სიმღერასა და წეს-ჩვეულებებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის სამედიცინო ექიმების, ინფექციონისტების მხრიდან.
„სიმართლე გითხრათ, თავიდან არც დავიჯერე, რომ ეს ბრძანება ნამდვილად გამოიცა. საახალწლო ხუმრობა მეგონა, მაგრამ შემდეგ იძულებული გავხდი, დამეჯერებინა“, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით.
გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ „ეს ანტივაქსერული გადაწყვეტილებაა“.
„ინფექციური დაავადების წარმართული მკურნალობის ტრადიციას, როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭონ? სად არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ან ჯანდაცვის სამინისტრო? ჩემთვის გაუგებარია.
პირადად მეც მქონია, ამ ტრადიციასთან ბავშვობაში შეხება. ბავშვობაში „ბატონები“ რომ დამემართა, „ჩამაზელიონკეს“ და დედა მეუბნებოდა, რაც გინდა, ყველაფერი შეგიძლია ჭამოო. მომთხოვნი ბავშვი არ ვიყავი და ამ მდგომარეობით არ მისარგებლია. წარმოუდგენელია, რომ ინფექცია სიმღერითა და ოთახის წითლად მორთვის ტრადიციით დავამარცხოთ.
ანტივაქსერული კამპანია ახლა, როცა ჩინეთიდან კორონავირუსის მორიგი შტამი, „კრაკენი“ გვემუქრება, გაუმართლებელია“. – აცხადებს ფხაკაძე „ფორტუნასთან“ და დასძენს, რომ მცხეთური ღვეზელისთვის კულტურული მემკვიდრეობის მინიჭება უფრო გასაგები და მისაღები შეიძლება იყოს, ვიდრე „ბატონების“ რიტუალის ასე „დაფასება“.
მცხეთური ღვეზელისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება კიდევ გასაგებია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც ეგ მესმის ბოლომდე. ჯობია, გელათს მიხედონ და თბილისის გალავანს, რაც ნამდვილად კულტურული მემკვიდრეობაა და ანტივაქსერული გადაწყვეტილებებით აღარ დაკავდნენ“, – ამბობს ფხაკაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
ამერიკაში მომუშავე ექიმი ნანა გეგეჭკორი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ნანა გეგეჭკორმა ილორის ეკლესიანი ნანახი სცენა გაიხსენა, რა დროსაც მთელი სოფელი ათასგვარი რიტუალით ცდილობდა “ბატონების დამშვიდებას”.
“ღრმა ბავშვობის ამბავია, მაგრამ ნათლად მახსოვს ილორის ეკლესიაში ნანახი სცენა. ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, მაშინ სრულიად ახალგაზრდას, ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე პრობლემა ჰქონდა. ოჯახის მოხუცი წევრები არ იჯერებდნენ, რომ პრობლემა რეალური ავადმყოფობა იყო. სოფელიც მთელი ძალით ამტკიცებდა მათ რწმენას და ათასგვარი რიტუალით ცდილობდა “ბატონების დამშვიდებას”.
წლები გადიოდა, დაჰყავდათ “გამომლოცველები”… აი, ისინი კულტურულ მემკვიდრეობად რომ გამოაცხადა სახელმწიფომ.
ახალგაზრდა ბიჭი წლიდან წლამდე მძიმდებოდა. არ ნებდებოდა ოჯახი და ახალ ახალ რიტუალებს უწყობდა “ბატონებს”, რომ როგორმე დაემშვიდებინათ და გაცლოდნენ ბიჭს. მოხუცები არ ნებდებოდნენ. ოჯახის ახალგაზრდა წევრების რწმენა, რომ ბიჭი მეცნიერებას უნდა მინდობოდა, არასდროს იქნა გათვალისწინებული.
ერთხელაც, მორიგ რიტუალს შევესწარით ილორის ეკლესიაში. ამჯერად “ბატონების” გამოლოცვაში (მეგრულად “გუთოხვამუას” ალბათ, ეს თარგმანი უხდება) ილორის ეკლესიის მღვდელი იყო ჩართული. მისი მოთხოვნით ოჯახს სპეციფიკური მახასიათებლების თხა ჰყავდა მოყვანილი შესაწირად. ცხადია, თხას თან ფულადი შესაწირი და მეგრული სუფრის ყველა ატრიბუტი ერთოდა, სპეციალური წესით რძეში მოხარშული ყველიანი კვერების ჩათვლით. მოძღვარი რიტუალის შესრულებას შეუდგა. ჩემთვის და ალბათ სხვებისთვისაც გაუგებრად ბურტყუნებდა. თვითონ ლოცვად მოიხსენიებდა ამ ბურტყუნს. მჯერა, არც ერთი ლოცვის ერთი ფრაზაც არ ეცოდინებოდა ზეპირად. ამიტომაც ისე ბურტყუნენდა, რომ სხვებს რაღაც განსაკუთრებული, პროფესიული ენა ჰგონებოდათ.
რამდენიმე ტონალობაში ბურტყუნის შემდეგ გამოაცხადა, ახლა დააკვირდით თხა როგორ დამიმოწმებს, რომ ნამდვილად დავამშვიდე “ბატონები” და ბიჭის სხეული უკვე დატოვესო.
საცოდავ ცხოველს ზურგზე ცივი წყალი გადაასხა, იმანაც გაკვირვებულმა გაიფანტა სიცივე. ამაყად გასწორდა წელში მოძღვარი მისი წარმოდგენის უტყუარობაში თხადამოწმებული. დიდხანს არ გასტანა ტრიუმფით ტკბობამ. დედამ გადაასხა ცივი წყალი, კითხვით, ნუთუ გჯერათ ამ სისულელის, ცივი წყალი რომ გადაგასხან, თქვენც ხომ უნებურად აფართხალდებით?.. არ მახსოვს უხერხულმა სიჩუმემ რამდენ ხანს გასტანა.
“ბატონები” ვერ დაამშვიდა ილორის ეკლესიის მოძღვარმა. ოღონდ, ეს მისი უმეცრებით კი არა, დედას გონიერი კითხვით ჩაშლილი რიტუალით აიხსნა.
ბიჭი კიდევ ბევრი წელი ტანჯეს “ბატონებისთვის” ნამღერი ტაშ-ფანდურით. ახალგაზრდა გარდაიცვალა მოულოდნელად. სიკვდილის უშუალო მიზეზი სხვა დაავადება იყო, თუმცა სასიკვდილო მიზეზამდე სწორედ არანამკურნალებმა ძირითადმა პრობლემამ მიიყვანა.
ძალიან ძვირფასი დრო დაკარგა ოჯახმა ბიჭის გადასარჩენად. დროის კარგვის ამ სიგიჟეს კი ახლა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა… სინამდვილეში ფსიქიატრიული პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით ექიმები ჩაერთნენ მკურნალობაში, მაგრამ ძალიან დაგვიანებული იყო.
ასე, სიმღერით ვერდამშვიდებული “ბატონებით” შეიწირეს უკეთილშობილესი ახალგაზრდა უმეცარმა ადამიანებმა…“, – დაწერა ნანა გეგეჭკორმა.
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ არც თუ ისე შორეული წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ბატონების“ მკურნალობის ტრადიციის გასაცნობად, რამდენიმე წლის წინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში როტერდამიდან ჟურნალისტი ჩამოვიდა.
„ისტორია, არც ისე შორეული წარსულიდან. ერთი სახალისო და ცოტა სევდიანი ამბავი მინდა მოგითხროთ, 2015- 2016 წლებია, მაგ პერიოდში ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირეულ განყოფილებაში ვმუშაობდი, სადაც თავს იყრიდა მთელი ქვეყნიდან საკმაოდ საინტერესო პაციენტები, “ბატონებიც” ხშირად გვსტუმრობდნენ ხოლმე, სამწუხაროდ მათ შორის ბევრი იყო გართულებული შემთხვევა (წითელა, ჩუტყვავილა), აქ არ ჩამოვთვლი თუ რამდენი პრობლემა შეიძლება შეუქმნას როგორც, ბავშვის ასევე ზრდასრულის ჯანმრთელობას ამ ინფექციონისტებმა, უფრო სხვა მხარეზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას, ორ ფრონტზე გვიწევდა მედპერსონალს ბრძოლა, ერთის მხრივ პაციენტის გამოჯანმრთელებაზე უნდა გვეზრუნა და მეორეს მხრივ, ბატონები უნდა”დაგვემარცხებინა” არცთუ იშვიათად გვიხდებოდა ახსნა, რომ ნემსის ჩხვლეტაზე ბატონები არ განრისხდებოდნენ, ან მედიკამენტის მიღება უფრო საჭირო იყო, ვიდრე ბევრი წითელი ბუშტი პალატაში, რამდენიმე ისეთი შემთხვევაც მახსოვს, როდესაც უმძიმესი ბავშვი პაციენტი ოჯახის წევრს მიჰყავდა სახლში, ბატონები განარისხეთ თქვენი ბრალია და მე ვიცი, როგორ მივხედოო.
საბედნიეროდ უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებდით ხოლმე გადარწმუნებას, ძირითადად დედები გვიჯერებდნენ (დედის ინსტინქტი მაინც სხვაა) მოკლედ, საკმაოდ შრომატევადი და მრავალფეროვანი მიდგომა იყო საჭირო რომ ” ბატონებიანი ” პაციენტი გამოგვეჯანმრთელებინა.
ზუსტად ამ პერიოდში ერთი სახალისო, მაგრამ ჩემი აზრით, დამაფიქრებელი ამბავი შემემთხვა; მორიგეობის საათები ახალი დაწყებულია და ამ დროს ექთანი მეძახის და მეუბნება, ალექსანდრე ექიმო, ახალგაზრდა უცხოელი გოგონა გკითხულობსო. ვიფიქრე, ალბათ პაციენტია ვთხოვე, შემოეყვანა.
რას ვხედავ შემოდის 20-25 წლამდე გოგონა ფრიად მომხიბვლელი, ღიმილიანი სახით, ავადმყოფს ნამდვილად არ ჰგავს, ცოტა დავიბენი. თუმცა ვკითხე, თუ რით შემეძლო დავხმარებოდი, პასუხმა ნამდვილად გამაკვირვა, დაიწყო რომ როტერდამიდან ჩამოვიდა, სადაც სტუდენტია, ჟურნალისტიკის თუ სოციოლოგიის (ზუსტად არ მახსოვს) და საქართველოში ჩამოვიდა, რათა „ბატონების” შესახებ აინტერესებდა და აპირებდა კვლევის ჩატარებას, აღვნიშნავ, რომ ჩვენი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და სიტყვა ბატონები რომ გავიგე, ცოტა დავიბენი, ცალი თვალით და ხელით გუგლში დავიწყე ძებნა არ შევრცხვე, იქნებ რაიმე ახალი დაავადებაა და როგორც ბატონები ისე გამოითქმის ინგლისურად-მეთქი, დარცხვენით ვუთხარი, ინგლისურს კარგად არ ვფლობ და იქნებ გამიმეოროთ, რა გნებავ-მეთქი, საკმაოდ ჭკვიანი გოგონა აღმოჩნდა. თან ჩემ გაკვირვებულ სახეზე მიხვდა, რომ ძალიან დაბნეული ვიყავი და ამიხსნა, კვლევას ვაკეთებ ინფექციებზე, რომლებსაც საქართველოში „ბატონებს“ ეძახით.
ქართველი კოლეგისგან გაუგია ამ ფენომენის შესახებ, დაინტერესებულა და ამ საბაბით ეწვია ინფექციურ განყოფილებას, რათა უფრო მეტი გაეგო თვითონ პაციენტებისგან თუ ამის საშუალება ექნებოდა, ასე სცენარის განვითარებას ნამდვილად არ ველოდი და ჩემი გაკვირვების ინდექსმა კიდევ მოიმატა, ისევ ინგლისურის კარგად არ ცოდნა მოვიშველიე და გავამეორებინე, თუ რა სურდა, ამასობაში მოვიფიქრე, რა უნდა მეპასუხა.
პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე, რომ ჩვენი ქვეყნით და მისი ამ ფრიად საინტერესო ტრადიციით (აწ უკვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით ) დაინტერესდა, თან ჩემთვის გავიფიქრე, ნეტა, ჩვენ თუ ვიცხოვრებთ ოდესმე ასეთ ქვეყანაში, სადაც სტუდენტს და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება კვლევის ჩასატარებლად სხვა ქვეყანას ეწვიოს უპრობლემოდ და დიდი ხელშეწყობი-თქო. ამ ფიქრებიდან ისევ ჩემი სტუმრის ღიმილმა გამომაფხიზლა, რომელიც მოთმინებით ელოდა ჩემს საბოლოო პასუხს, მეც დავიწყე, რაც შემეძლო დამაჯერებლად , რომ კი ეს ტრადიციები, მითები „ბატონების“ შესახებ ერთობ პოპულარულია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ამჟამად ამის არავის სჯერა და ყველამ იცის, რომ ამ დაავადების უკან ინფექცია დგას მეთქი, თან ამ ყველაფერს რომ ვამბობდი ვცდილობდი, პალატებში არსებულ წითელ ბუშტებსა და ზეწრებზე არ მეფიქრა.
შევატყვე, ბოლომდე არ დააკმაყოფილა პასუხმა და მორიდებით მკითხა, თუ შეიძლებოდა პაციენტებთან გასაუბრება, აქ უკვე სამართლიანი აღშფოთება გამოვხატე და მზრუნველი ტონით ვუთხარი, რომ ეს ინფექციები ძალიან გადამდებია და ვერ შეგიშვებ-მათქი, რაზედაც მყისიერი პასუხი მივიღე, რომ ვაქცინირებული იყო რამდენიმე თვის წინ.
მეც არ დავიბენი და ნიშნის მოგებით საბუთი მოვთხოვე, რამდენიმე წამში ცხვირწინ „ამაფარეს“ დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ ჩუტყვავილაზეც კი ვაქცინირებული იყო, აქ ისევ ფიქრებმა წამიღო, ეჰ, ნეტავ ჩემ ქვეყანაში როდის იქნება ჩუტყვავილას ვაქცინა ხელმისაწვდომი -მეთქი, თუმცა თავს უფლება არ მივეცი ფუჭ ფიქრებში დიდხანს დავრჩენილიყავი, რადგან ახალი არგუმენტი მქონდა მოსაფიქრებელი.
უცებ გონება გამინათდა და ვუთხარი, აბა პაციენტებთან მათი თანხმობის გარეშე როგორ შეგიყვანო ჩემო კარგო-მეთქი, ისიც არ დაიბნა, ისევ ისე გულთბილად გამიღიმა და მიპასუხა იქნებ, სთხოვოთ და თანხმობა მიიღოთ რამდენიმესგან მაინცო. რა მექნა მივხვდი რომ დავმარცხდი, თან შინაგანად მეც მაინტერესებდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ყველაზე ნაკლებ ბუშტებიანი პალატები ავარჩიე და ავუხსენი საქმის ვითარება, რაზედაც პაციენტების თანხმობა საკმაოდ ადვილად მივიღე, ჩვენი სტუმარი სათანადოდ გამოვაწყეთ და არჩეულ პალატებში შევედით, თან მჯეროდა, რომ ყველა ჩემი შერჩეული პაციენტი უარყოფდა „ბატონების“ მითს და დაადასტურებდა, რომ გადამდები ვირუსული ინფექცია ჰქონდათ. თუმცა პირველივე პალატაში სრული კრახი განვიცადე, ახალგაზრდა გოგონა იყო ჩუტყვავილათი, რომელმაც ინგლისური კარგად იცოდა და საკმაოდ მხატრულად აუხსნა, როგორ დაუბრძანდა ბატონები ჯერ მის ძმას, შემდეგ გადმობრძანდა მასთან და ახლა ელოდება მათ წაბრძანებას ბოქსირებულ განყოფილებაში.
ჩვენმა სტუმარმა ნიშნის მოგებით გამომხედა საუბრის ბოლოს , 1:0 თითქოს მანიშნებდა, შემდეგ პალატებშიც იგივე განმეორდა, ბოლო პალატის წინ 3:1 ვაგებდი, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი იქნებ, ერთი ბურთის სხვაობით მაინც წავაგო-მეთქი.
მახსოვს, ბავშვი წითელათი იყო ავად, დედა და ბებიაც იყვნენ პალატაში, გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა ბავშვი, ამიტომ საკმაოდ ხალისიანად დაგვხვდა პაციენტი, თუმცა წითელას დამახასიათებელი მაკულო-პაპულოზური ელემენტები ჯერ კიდევ კარგად ემჩნეოდა, ენობრივი ბარიერის გამო მე ვუთარგმნიდი ჩვენს სტუმარს თუ როგორ დაემართა, როგორ მოვიდნენ ჩვენთან კლინიკაში და მედპერსონალი როგორი ყურადღებით ექცეოდა, მეც იმედი ჩამესახა, რომ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ დამთავრდებოდა, მაგრამ თურმე სულ ტყუილად მიხაროდა, საუბრის ბოლოს დედამ ბებიას გადახედა და გვითხრა, დედაჩემი საღამოობით უღიღინებდა „ ბატონები მობრძანებულან“ ( უძველესი სარიტუალო სიმღერა) და ალბათ ამიტომ არ გაგვირთულდა და მალე უკვე სახლში გაგვიშვებენო.
ჩემი სტუმარს შევხედე, რომ სიხარულით აენთო თვალები და მთხოვა, მეთარგმანა ბებიამაც დაიწყო სიმღერა, საკმაოდ სასიამოვნო ხმით, ჩემი სტუმრის დიდი პატივისცემის მიუხედავად თარგმანზე უარი განვაცხადე, ინგლისურის არასათანადო ცოდნის მიზეზით, რის შემდეგაც მომღერლის თანხმობით ჩვენმა მკვლევარმა აუდიო ჩანაწერი გააკეთა.
გულთბილად დაემშვიდობა იქ მყოფთ და ორივემ დავტოვეთ პალატა, შევატყვე, საკმაოდ კარგ განწყობაზე იყო, რასაც ჩემზე ვერ იტყოდით, ისევ გულთბილად გამიღიმა და მითხრა, შენ არ იდარდო, ჩვენც გვაქვს მსგავსი ტრადიციებიო, დამემშვიდობა და წავიდა.
მას შემდეგ ამ ისტორიას ღიმილით ვიხსენებდი ხოლმე, სანამ კოვიდი გამოჩნდებოდა და პანდემია დაიწყებოდა, რომელმაც ყველას დაგვანახვა, რომ თუნდაც ასეთი ერთი შეხედვით „უწყინარი“ მითები მეცნიერების და მასში ჩართული ადამიანების დისკრედიტაციას იწვევს და ხელს უწყობს არაჯანსაღი აზრის გაბატონებას, რომელიც საბოლოო ჯამში აზიანებს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს.“ – დაწერა ალექსანდრე გოგინავამ.