LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის დაწუნებულ თხილს – ევროკავშირმა ქართული თხილის პარტიები “დაბლოკა”

20181219143421

საქართველოდან ექსპორტზე გაგზავნილი თხილის პარტიები ბულგარეთის საბაჟოდან გამოაბრუნეს. ec.europa.eu-ის ცნობით, 2018 წელს ევროკავშირმა სულ ქართული თხილის 7 პარტია „დაბლოკა”. მიზეზი, რის გამოც ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე ვერ მოხვდა, აფლატოქსინია, რომელიც სოკოვანი დაავადების ნაირსახეობაა.

ლაბორატორია “Quality Lab”-ის კონსულტანტი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, დავით ჯორბენაძე შიშობს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა ქართული თხილი კვლავ მრავალჯერ დაიწუნოს, თუმცა ჯორბენაძისთვის უცნობია, სად მიდის საქართველოში დაბრუნებული, დაწუნებული თხილი.

„იმდენს ვიზამთ ან საერთოდ დაგვიბლოკავენ ისევ, ანკაპიკებამდედავა ქართული თხილის ფასი. ამჯერად ძალიან სერიოზული რაოდენობით აფლატოქსინი აღმოჩნდა საექსპორტო პარტიაში. მერე გვიკვირს, რატომ იაფდება ქართული თხილი და ამ ფონზე სურსათის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც ფაქტიურად ჩაკლა მთავრობის მიერ მიღებული თხილის რეგლამენტის არსი,წერს დავით ჯორბენაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოდან ექსპორტზე გაგზავნილი თხილის პარტიები ბულგარეთის საბაჟოდან შემდეგ რიცხვებში გამოაბრუნეს:

17/12/2018 თხილი, მიზეზი – აფლატოქსინი

08/11/2018 თხილი, მიზეზი – აფლატოქსინი

02/10/2018 თხილი, მიზეზი – აფლატოქსინი

17/09/2018 თხილი, მიზეზი – აფლატოქსინი

15/06/2018 თხილი, მიზეზი – აფლატოქსინი

13/04/2018 თხილი, მიზეზი – აფლატოქსინი

05/04/2018 თხილი, მიზეზი – აფლატოქსინი

სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თხილის რეგლამენტი ევროპულ რეგულაციებს ეფუძნება.

„ჩვენ გვაქვს ლაბორატორიები, რომელშიც აწარმოებენ ევროკავშირისთვის შესაბამის ანალიზებს. რაც შეეხება აფლატოქსინს, რა თქმა უნდა, ამის გამო დაიბლოკება ყველგან, რადგან ეს არის ის სოკოვანი დაავადება, რომელიც აქვს ქართულ თხილს. მთელი წელია ვამბობთ, რომ აზიური ფაროსანა კი არაა პრობლემა, პრობლემაა სოკოვანი დავადებები, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი.

 

რა ბედი ელის დაწუნებულ თხილს?!

 

გასული წლების განმავლობაში საქართველომ თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო 9, ხოლო 2018 წელს – 6 შეტყობინება. პრობლების თაობაზე გამოგზავნილი წლევანდელი 6 შეტყობინება, წინა წლებთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია, – ვკითხულობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. სააგენტოში განმარტავენ, რომ თხილის ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, 2016 წლის ივნისიდან ამოქმედდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხისა და ეტიკეტირების საკითხებს არეგულირებს.

გარდა ამისა, 2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2018 წლიდან ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის გადამუშავებულ თხილსა და თხილის გულს ამზადებს, ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.

“აკრედიტებული ლაბორატორია იკვლევს საექსპორტოდ განკუთვნილი თხილის ნიმუშებს უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის, მიკოტოქსინებზე (აფლატოქსინი) და გადამუშავებულ თხილს არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობაზე. თხილის დაბინძურება აფლატოქსინებით შესაძლებელია, გამოიწვიოს ასევე ტრანსპორტირებისას არასათანადო პირობებმა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული წარმოშობის თხილში მეორე წელია, არ დაფიქსირებულა არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობა. ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით შეტყობინებები თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ყოველწლიურად ეგზავნება თხილის მწარმოებელ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის ისეთ მსხვილ მწარმოებლებს, როგორებიცაა თურქეთი და იტალია. ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით თურქეთმა 2016 წელს თხილსა და კაკლოვან კულტურებში (თხილი, მიწის თხილი, ფსტა, ნუში) აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო 74 შეტყობინება, აქედან 37 შემთხვევა აღინიშნა თხილში. იტალიამ 2016 წელს თხილსა და კაკლოვან კულტურებზე მიიღო 58 შეტყობინება,”აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

თხილის ბიზნესში ჩართული ადამიანები „ფორტუნასთან“ ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ ქართული თხილის დაწუნების შემთხვევა ადრეც ყოფილა. თუმცა, მათივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ თხილი გადასაყრელია, უბრალოდ თხილს კიდევ უნდა გადარჩევა.

„ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ექსპორტიდან მობრუნებულ თხილს საქართველოში კონტროლის დროს აფლატოქსინი დაფიქსირებოდეს. წელს იყო შემთხვევა, თხილი დააბრუნეს, მერე აქ შეამოწმეს და არ ჰქონდა სოკოვანი დაავადება. ევროკავშირი თუ თხილს დააბრუნებს, საქართველოში ასეთი თხილის გადარჩევა ხელმეორედ ხდება და ისევ იგზავნება ექსპორტზე. თუ თხილი აღარ გაიტანეს ექსპორტზე და წუნის გამო, არც ქართულ ბაზარზე გაიყიდა, ზარალი სერიოზული იქნება. ბევრი პროცედურაა, შესაბამისად, ხარჯიც ბევრია. თუ საქართველოში შემოვიდა დაწუნებული თხილი, მისი გადარჩევა უკვე კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი თხილის ქარხნის დირექტორი, გიზო ჭირღულია.

თხილის ქარხნის დირექტორის თქმით, თხილის ბიზნესის წლიური ბრუნვა ყოველწლიურად მცირდება. ჭირღულია ამბობს, რომ გასულ წლებში თხილის მოსავალი 100 ათას ტონამდე იყო, აზიური ფაროსანის საქართველოში გააქტიურების შემდეგ, ეს რიცხვი თითქმის განახევრდა. ჭირღულია განმარტავს, რომ თხილის სოკოვანი დაავადებები საქართველოში სულ არსებობდა, თუმცა ფაროსანას გამოჩენამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა.

ეკონომისტების განმარტებით, არსებობს პრაქტიკა, როდესაც კონტრაბანდული და არადეკლარირებული საქონლის რეალიზაცია ხდება სპეციალიზებულ მაღაზიებში. რაც შეეხება ექსპორტიდან დაწუნებულ პროდუქციას, ამაზე პასუხისმგებელი პროდუქციის გამგზავნია. სოსო არჩვაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ წლების განმავლობაში, როცა ქართული თხილის დაბალ ხარისხზე არ იყო საუბარი, მაშინ საექსპორტო საქონელში თხილს პირველი ადგილი ეკავა და მისი მოცულობა რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ტოლფასი იყო.

„ახლანდელ პირობებში ეს მოცულობა მკვეთრადაა შემცირებული, უკეთეს შემთხვევაში, მისი მოცულობა 50 მილიონ დოლარს ვერ გადააჭარბებს. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით დაწუნებული თხილის რეალიზაციას, მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის საკონდიტრო მრეწველობაში, გააჩნია, რა დონის დაზიანებაზე ვსაუბრობთ. თუ მისი გამოყენება ჯანმრთელობისთვის ზიანის შემცველია, ის უნდა განადგურდეს და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიადევნონ თვალყური, რომ არაკონდიცირებული საქონელი ბაზარზე არ მოხვდეს და მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ სოსო არჩვაძე.

ეკონომისტის თქმით, ჯერ კიდევ 2 წლის წინ საქართველოდან თხილის ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 180 მილიონ დოლარს შეადგენდა, შარშან ეს რიცხვი თითქმის 100 მილიონით შემცირდა, წელს კი – კიდევ უფრო შეიკვეცა. ბუნებრივია, საქართველოში წარმოებული თხილის ნაწილი შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, შესაბამისად, თხილის წარმოება ათეულ ათასობით ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. უცნობია, რა ბედი ელით ასეთ ოჯახებს იმ შემთხვევაში, თუკი თხილს ევროკავშირი კვლავ დაიწუნებს და მისი გასაღება ვეღარც ქართულ ბაზარზე მოხდება.

 

თათია კაკიაშვილი