რა შედეგით დამთავრდა მოლაპარაკების მესამე რაუნდი და რა მოლოდინები არსებობს ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით – რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისგან განსხვავებით, ის ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია მხარეები კონკრეტულ შეთანხმებამდე მივიდნენ.
მისი თქმით, კომპრომისი ჯერჯერობით არ ჩანს და მათი მთავარი მიზანი – ახალი არჩევნების ჩატარება კვლავ ძირითად საკითხად რჩება.
„ამ ეტაპზე განვიხილეთ რაღაც საკითხები, თუმცა ეს არ ნიშნავს საბოლოო შეთანხმებას. საბოლოო შეთანხმება გაფორმდება მაშინ, როდესაც მხარეები მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. „ქართული ოცნება“ არ არის თანახმა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები. ეს არის მთავარი, რაც ჩვენს პოზიციებს რადიკალურად აშორებს ერთმანეთისგან“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ფორტუნას“ კითხვაზე, იქნება თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი ხვალინდელი შეხვედრა, რომ ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება “ენმ”-ის წევრი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას არ სურს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის გარეშე წარდგეს, გადაწყვეტილებები დროულად უნდა მიიღონ.
„ვერ ვიტყვი, რომ ხვალინდელი დღეს იქნება გადამწყვეტი. ჩვენ უნდა დავინახოთ მზაობა ხელისუფლების მხრიდან. ჯერჯერობით ეს არ ჩანს. ნუ ექნება ხელისუფლებას იმის ილუზია, რომ ჩვენ დავთანხმდებით პარლამენტში შესვლას“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციები განსხვავებულია: დიალოგის მესამე რაუნდი დასრულდა
„ქართული ოცნების“ წევრები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, თუმცა მთავარი წითელი ხაზი, რომელსაც მმართველი გუნდი არ გადაკვეთს – განმეორებითი არჩევნებია.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში აღნიშნა, მათი ოპტიმიზმის ძირითადი საფუძველი მოლაპარაკებების პროცესის განხორციელებაა.
„იყო შინაარსიანი და ხანგრძლივი შეხვედრა, გავცვალეთ იდეები, ვისაუბრეთ შესაძლო კომპრომისებზე, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
რაც შეეხება წითელ ხაზებს, ამ შემთხვევაში კანონმდებლობის მიხედვით, არანაირ ახალ არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება იყოს. წითელი ხაზების გადაკვეთა არ მოხდება.
პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ მათ თავიანთ პოლიტიკურ ამბიციებს ანაცვალონ ქვეყნის ინტერესი და კონსტიტუციის მოთხოვნები“,-განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
„ფორტუნას“ კითხვაზე, რა ტიპის შეთანხმებას უნდა ველოდოთ და შესაძლებელია თუ არა, რომ მსჯელობა საკანონმდებლო სივრცეში გაგრძელდება, „ქართული ოცნების“ წევრმა აღნიშნა, რომ შეიძლება მოლაპარაკებების პროცესმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადაინაცვლოს.
„იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის ნაწილი ან მთლიანად ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, ბუნებრივად ეს მოლაპარაკებების პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში“,-განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა აღნიშეს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, თუმცა რიგი საკითხები კვლავ ღიად დარჩა.