LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ბედნიერება – დღეს ბედნიერების საერთაშორისო დღეა

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ეს დღე 2012 წლის ივნისიდან აღინიშნება. ბედნიერებისკენ სწრაფვა გაეროს მიერ აღიარებულია, როგორც ადამიანის ფუნდამენტური მიზანი. 20 მარტი შემთხვევით არ აურჩევიათ – ეს არის გაზაფხულის ბუნიობის დღე, როცა მთელ დედამიწაზე დღე ღამეს უტოლდება და ამით დღესასწაულის ინიციატორებს იმის ხაზგასმა სურდათ, რომ პლანეტის ყველ ადამიანს თანაბრად აქვს უფლება იყოს ბედნიერი.

ძველად ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგ ღმერთები მათ ორ შეკითხვას უსვამდნენ, რაზეც იყო დამოკიდებული სამოთხეში მოხვდებოდნენ თუ ჯოჯოხეთში. სწორედ ეს კითხვა იყო: ცხოვრებაში ბედნიერება თუ იპოვე? და შენმა ცხოვრებამ სხვებსაც თუ მიანიჭა ბედნიერება?

და მაინც რა არის ბედნიერება? ამ კითხვაზე თითოეული ადამიანს განსხვავებული პასუხი აქვს, რადგან ბედნიერება დაკავშირებულია კონკრეტული პიროვნების წარმოსახვის უნართან, მოლოდინთან და ფიქრებში საუკეთესოდ მიჩნეულ სიტუაციებთან.

როგორც „ფორტუნას“ ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ განუცხადა, ბედნიერების აღქმა ადამიანებისთვის არის სუბიექტური, მათი მსოფლმხედველობის, ღირებულებებისა და საკუთარ თავსა თუ სამყაროზე წარმოდგენების გათვალისწინებით.

გააჩნია, ვის რა ანიჭებს ბედნიერებას. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მზის ამოსვლის დანახვა, შეიძლება იყოს პირველი წარმატება, ერთი ნატეხი პური, რომელიც შიმშილს მოგიკლავს. ძალიან განსხვავებულია ბედნიერების აღქმა. კოლექტივისტურ კულტურებში ბედნიერებაა, როდესაც მშობელია ბედნიერი, ინდივიდუალისტურ კულტურებში კი ბედნიერებაა, როდესაც ბავშვია  ბედნიერი. ვურჩევ, რომ მშობელბმა ამაზე იფიქრონ: ნიშნავს თუ არა მშობლის ბედნიერება მისი შვილის ბედნიერებას?!“ –  აღნიშნა მაია ცირამუამ.

ბედნიერება დეტალებშია, უბრალოდ მისი აღმოჩენა უნდა შევძლოთ.  და მაინც რა არის ბედნიერება? ამ კითხვით „ფორტუნამ“ მოქალაქეებს მიმართა:

ლიზი არსოშვილი (28 წლის)- როცა ბედნიერი ვარ, ძალიან მსუბუქად ვარ, ყველაზე ბედნიერი კი სახლში მეუღლესთან ერთად ვარ.

ნინი კეკელიანი (26 წლის) ბედნიერება ყველა ადამიანს თავისებურად ესმის და ყველას აქვს თავისი საკუთარი ბედნიერება. რა თქმა უნდა, მეც მაქვს. როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი? ამ კითხვას უფრო ზუსტად ასე ვუპასუხებ, რომ ახლა ვარ ყველაზე ბედნიერი. გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად. ჩემთვის ბედნიერებაა ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი ანგელოზი. ჰოდა მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი მაქვს იმისთვის, რაც ქალს ჭირდება ბედნიერებისთვის. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და რაც მინდა. ამაში მეხმარება ჩემი მეუღლე და ჩემი დიდი ოჯახი. ყოველი ასეთი დღე ჩემთვის ბედნიერების მომნიჭებელია და ასე ვხსნი მე ჩემს ბედნიერებას.

სანდრო კორინთელი (35 წლის) – ჩემთვის ბედნიერება არის ბევრი რამ ერთად. პირველ რიგში, ზუსტად ვიცოდე, ყველა ჩემი ოჯახის წევრი და მეგობარი არის ჯანმრთელი და უხარიათ ცხოვრება. ყოფითი პრობლემების მიღმა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომელსაც ჩაეჭიდები და შედეგი გაგაბედნიერებს. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, მაშინ, როცა სკოლის პერიოდში გავაცნობიერე რას ნიშნავდა დედა ჩემთვის და შემდეგ, როცა ჩემი პატარა ძმა დაიბადა.

თათია კ. (24 წლის) – ბედნიერებაა დალაგებული პირადი ცხოვრება და სტაბილური სამსახური. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, ჩემთვის ძვირფას ადამიანთან ერთად გადავჭერი

ქეთი კობიაშვილი (27 წლის) – 3 მარტს ჩემმა შვილმა პირველად მომცა საკუთარი ბაღში დახატული მისალოცი ბარათი და ასე მომილოცა დედის დღე. ბოლოს ბედნიერებისგან ამ დღეს ვიტირე. ბედნიერებაა ჯანმრთელი შვილები, სამსახური, სადაც საყვარელ საქმეს აკეთებ და სტაბილურად მზარდი შემოსავალი.

ლელა ბ. (47 წლის) – ბედნიერებაა ჩემი შვილების ბედნიერება. ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა მამაჩემი იყო ცოცხალი და ახლა ბედნიერი ვარ, როცა ვგრძნობ რომ ჩემი შვილები ბედნიერები არიან.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები