“[უხარისხო ქუჩის მუსიკა] ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს,” – ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოსთვის, ქუჩის არტისტების რეგულაციები ახალია, თუმცა მსოფლიოსთვის არა. იმის გამო, რომ უამრავ უცხოელს სურს, სხვადასხვა ქალაქში, საკუთარი თავის წარმოჩენა და ფულის შოვნა, თავისუფალ ხელოვანებს განსხვავებულ ჩარჩოებში აქცევენ.
ქუჩის მუსიკოსებისთვის, საყვარელი ადგილი ევროპაში ის ქვეყნებია, რომლებიც სიმდიდრით და ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა: ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი და ნორვეგია.
გამოცდილ მუსიკოსებს, კონკრეტულ ქალაქებში, საყვარელი ადგილებიც აქვთ. მაგალითად: ლონდონში მიწისქვეშა გადასასვლელები და მეტროები; საფრანგეთში, ბელგიასა და ავსტრიაში სივრცეები, სადაც ბევრი სხვადასხვა ქვეყნის კაფეებია თავმოყრილი. მათ, ვინც აქ სადილობენ, ფულიც აქვთ. ესპანეთსა და საბერძნეთში ნამდვილად ღირს პლაჟებზე დაკვრა, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან ტურისტები. თუმცა, იმისთვის რომ დაუკრან, უნდა დაიმსახურონ კიდეც…
ლონდონი
ლონდონში თითქმის ყველგანაა შესაძლებელი ქუჩის მუსიკოსობით ფულის შოვნა – აკრძალულია მხოლოდ გადატვირთულ ბიზნეს რაიონებში.
მიწისქვეშა სადგურებში კი, მუსიკოსებს დაკვრისთვის, ნებართვების აღება სჭირდებათ, რომელიც უფასოა.
ნიუ იორკი
აქ ქუჩაში ფულის შოვნის სხვადასხვა გზა არც კონრტოლდება და არც რეგულირდება გამონაკლისების გარდა: თუ მათი პერფორმანსი არის ხმამაღალი, იყენებენ მეგაფონებს ან სტერეო სისტემას, საჭიროა სპეციალური ნებართვა. ნებართვა ასევე სჭირდებათ მათ, ვისაც პარკებში დაკვრა სურთ.
მადრიდი
აქ წლიდან წლამდე, ქუჩის მუსიკოსებისთვის ახალ-ახალი რეგულაციები წესდება. საჭიროა ერთწლიანი ნებართვის აღება, შეზღუდულია გამომსვლელების დრო, ადგილი და ა.შ.
მუსიკოსები ერთმანეთისგან სულ მცირე 70 მეტრის რადიუსით უნდა იყვნენ დაშორებული.
იაპონიაში საკმაოდ ბევრ ფულს გააკეთებთ, თუ ქუჩაში ბიტლზებს დაუკრავთ.
ტაივანში, ქუჩის მუსიკოსობა მხოლოდ ტაიპეიშია აკრძალული, კუნძულის სხვა ნაწილში დაშვებულია. თუ ტაივანში ადგილობრივებისთვის რამდენიმე პოპულარულ სიმღერასაც შეასრულებთ, ნამდვილად “ოქროთი აგავსებენ”. ასევე, ძალიან უყვართ და აფასებენ, კლარნეტზე დამკვრელებს.
სინგაპურზე არც კი უნდა იფიქროთ. აქ ქუჩის მუსიკოსები, ძირითადად პოლიციის განყოფილებაში არიან.
მელბურნი
ავსტრალიაში სიდიდით მეორე ქალაქში – მელბურნში, ქუჩის მუსიკოსებისთვის აუცილებელია ნებართვის აღება, რომელიც ფასიანია. ერთწლიანი ნებართვა 20 დოლარი ღირს, სამ თვიანი ნებართვა კი – 10 დოლარი. იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელს ქუჩაში CD დისკების, მათი ნამუშევრების გაყიდვა სურს, ნებართვის მოთხოვნაში 50 დოლარი უნდა გადაიხადოს. აპლიკაციის შევსებისა და საფასურის გადახდის შემდეგ, მუსიკოსებს სპეციალური კომისია არჩევს და შესაძლოა, უარიც უთხრან. განაცხადში მითითებულია, რომ თანხა უკან არ ბრუნდება.
მოსკოვი
ქუჩის მუსიკოსების ჩარჩოებში მოქცევა და კონტროლი მოსკოვში 2015 წელს გადაწყვიტეს. მოსკოვის მეტროში მოწყობილია 15 წერტილი სპეციალურად იმ მუსიკოსებისთვის, რომლებსაც ლიცენზია აღებული აქვთ. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის მიღება უფასოა და ქუჩის მუსიკოსების შემოსავალი არ იბეგრება.
მეტროში დაკვრისთვის სპეციალური ჟიური 200 მუსიკოსს არჩევს. მუსიკოსებმა კონკურსზე 2 საათიანი პროგრამა უნდა წარადგინონ. კონკრეტული ჟანრი და სტილი იკრძალება, თუმცა ნაკლები პრიორიტეტი ენიჭება მძიმე როკსა და ელექტრონულ მუსიკას.
ლათინურ ამერიკაში, არავის გაუკვირდება თუ ავტობუსში ახვალთ, მგზავრებისთვის დაუკრავთ და ფულს შეაგროვებთ, თუმცა ამას ვერ გააკეთებთ ქუჩაში, რადგან პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდებით და მცირე თანხის დატოვებაც მოგიწევთ.
ისეთ ღარიბ ქვეყანაში კი როგორიცაა ინდოეთი, თავისუფლად შეგიძლიათ, ნებისმიერი ფორმით სცადოთ ყურადღების მიპყრობა და ფულის შოვნა, თუმცა დიდი ალბათობით, თქვენი მცდელობა უპერსპექტივო იქნება. ყურადღება შეიძლება მიიპყროთ, თუმცა ყველას გაუკვირდება, რატომ ითხოვს ფულს მათგან უცხოელი.
თამთა უთურგაშვილი