LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები

188
BeFunky-collage (18)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა – რამდენად უზრუნველყოფილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემო და ასევე, რამდენად ეფექტიანია განათლების სამინისტროს მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებული ღონისძიებები.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები. ამასთანავე, ანგარიშის მიხედვით,მასწავლებელთა მხოლოდ 13%-ს აქვს გავლილი ტრენინგი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხზე.

  1. 2018 წლის მონაცემებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხოლოდ 21%-ია უზრუნველყოფილი მანდატურით. სკოლების 44% აღჭურვილია ვიდეოკამერებით და აღნიშნული სკოლები ასევე უზრუნველყოფილია მანდატურით. ამავე დროს, ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება 1,161 (50%) სკოლა, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები;
  2. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით არ არის უზრუნველყოფილი ყველა რეგიონი,რაც აფერხებს აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობას. ამასთანავე, ცენტრებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა არ შეესაბამება მათ დატვირთვას, კერძოდ, არ შეესაბამება ცენტრში დაფიქსირებულ მიმართვიანობას;
  3. მონაცემთა ბაზა, რომელსაც ფლობს მანდატურის სამსახური, არ მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლისთვის ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა და თარიღები, შემთხვევის დასრულების პერიოდი და მიღწეული შედეგები.
  4. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფარავს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს, რომლებიც ისწავლება მე-3 კლასიდან სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში, ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა გამოცემის სახელმძღვანელოში განსხვავებული მოცულობით არის განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის უფლებების კონვენცია, მოსწავლის უფლებები და ა.შ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, VII კლასამდე არ მიეწოდებათ მოსწავლეებს ინფორმაცია ბულინგის შესახებ;
  5. სამინისტროს მიერ მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით არაფორმალური განათლების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისად ეფექტიანი და არ არის შეფასებული მიღწეული შედეგები; მასწავლებელთა ტრენინგი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე არის ნებაყოფლობითი და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება, შესაბამისად, გადამზადებულია მასწავლებელთა მხოლოდ 13%

გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესდეს სისტემის ფუნქციონირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები