LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში წელს ყველაზე მეტ დამსვენებელს ელიან – „ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა აზიურ ქვეყნებთან მიმართებით“

131
252178430_0_0_3000_1688_1920x0_80_0_0_5861f0d4abc5e32847d0962e60da852b

ტურიზმის სექტორი პანდემიის შემდგომ აღდგენას იწყებს, რა მოლოდინები აქვს მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქართულ ბიზნესსექტორს – საკითხზე რადიო “ფორტუნას” გადაცემა „ბიზნესნიუსის“ ეთერში სასტუმროების ქართული ქსელის „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ ისაუბრა.

„წლის დასაწყისში ბევრად დადებით მოლოდინები გვქონდა, ვიდრე შემდეგ. გინდა არ გინდა, რეგიონში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ უარყოფითად აისახება ხოლმე ჩვენს სექტორზე. შესაბამისად, ომის დაწყების შემდეგ, იყო ძალიან ბევრი ცვლილება, ჯავშნების გაუქმების ბევრი შემთხვევა მაგალითად, ევროპული ქვეყნებიდან. საქართველო მაინც ასოცირდება კონფლიქტურ ზონასთან და თუ უკრაინაშია ომი, ფიქრობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლაც უსაფრთხო არ არის. ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა აზიურ ქვეყნებთან მიმართებით, განსაკუთრებით ჭარბობენ ტურისტები არაბული ქვეყნებიდან. ამიტომ, წელს უცხოელ დამსვენებლებს შორის, ვფიქრობთ, რომ არაბები იქნებიან ლიდერები. მერე მოდის უკვე ისრაელი. თუმცა, ფაქტი, რომ მაგალითად, დღეს „ვიზეარმაც“ დაამატა ახალი ავიამიმართულებები, იმედს აჩენს, რომ ნელ-ნელა კვლავ დავიბრუნებთ ევროპელ ტურისტებს საქართველოში.

ჩვენი სასტუმროების დატვირთულობას რაც ეხება, ყველაზე მეტი სასტუმრო დედაქალაქშია თავმოყრილი, შესაბამისად, თბილისის სასტუმროში ყველაზე მეტად ჭირს მაღალი დატვირთულობა. თან, მიმდინარე მოვლენების გამო, დედაქალაქში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, დატვირთულობა მაინც 60%- ამდე ადის. გუდაურში, როგორც ყოველთვის, დამსვენებლებს შორის უცხოელები ლიდერობენ და დღესაც, 80-90 პროცენტი ჩვენი სტუმრების უცხოელი დამსვენებლები არიან, ბაკურიანში კი, ჯერჯერობით, 50/50-ზეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ივლისი-აგვისტოს პერიოდში, უმრავლესობა ადგილობრივი დამსვენებლები იქნებიან“, – აღნიშნა კოკაიამ.

„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ის მიღწევები და გამოწვევებიც დაასახელა, რაც დღეს ქართულ ტურიზმის სექტორშია. „რა თქმა უნდა, ჩვენს სექტორში გამოწვევები ძალიან ბევრია და პირველ რიგში, ეს არის არასტაბილური პოლიტიკური გარემო რეგიონში. როგორც თავში აღვნიშნე, ამას ყოველთვის აქვს გავლენა ტურიზმზე. თუმცა, მიღწევებს შორის შემიძლია გამოვყო ის ფაქტი, რომ ჩვენმა სექტორმა, ამ პერიოდში, ყურადღება გაამახვილა არა იმ არასტაბილურ ქვეყნებზე, საიდანაც აქამდე გვეგონა, რომ იქნებოდა ბევრი დამსვენებელი, არამედ უკვე ახალი ბაზრების მოძიებაზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რომ საქართველოდან დაემატა ძალიან ბევრი ახალი ავიარეისი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდე უცხოელების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში შემოდიოდა სახმელეთო გზით, ეს ტენდენციაც შეიცვალა და დღესდღეობით, საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა შემოდის საჰაერო გზით. ეს მიღწევა ნამდვილად არის, თუმცა, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ და კიდევ უფრო მეტი ახალი ავიამიმართულება დავამატოთ“, – აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები