საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7423.1 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა უცვლელია (124.7 ათასი), ხოლო მთლიანი პორტფელი – 7 328.8 მილიონიდან 7 423.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მათვე ცნობით, 124 700 ხელშეკრულებიდან 36 200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 983.7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი აპრილის მდგომარეობით, 13.14% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.
რეფინანსირების განაკვეთზე პირველი აპრილის მონაცემებით 56 300 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.83%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2736.7 მილიონი ლარია. 28100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 მარტთან შედარებით 600-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3 477.1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1099.6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.02%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი აპრილის მონაცემებით 2 377.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.60%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი.
სულ პირველი აპრილის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.09%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 3 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 100.4 მილიონი ლარია. პირველი აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 15.07%. პირველი აპრილის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.61%-დან 15.07% -მდე ხოლო, შემცირებულია ავტო სესხზე – 15.86%-დან 14.09%-მდე.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და მონეტარული კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ამითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის პრაქტიკული ჩავარდნა), ინფლაციის მიმდინარე (მარტის) მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.
მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა, სადაც უკვე სრულიად არის ასახული ფასების ზრდის ეფექტი, განსხვავებით წინა მაჩვენებლებისა, სადაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო ინფლაციაზე სრული დაწოლა არ აისახებოდა. მიმდინარე მონაცემი საფუძველს იძლევა, რომ ინფლაციური პროცესების და შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების გაძლიერება გარდაუვალია. განსაკუთრებით მას შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო, ხოლო მარტში ლარი დოლართან მიმართებაში წინა თვესთან შედარებით 3.6%-ით გაუფასურდა. ინფლაციის საბაზო დონის ეფექტი (სუბსიდირების გამო) გაძლიერებული იქნება მთლიანი წლის მანძილზე, მონეტარული პოლიტიკის წინა სხვდომაზე ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4.5%-ით განსაზღვრული, ხოლო მიმდინარე პროგნოზით 6.5% -ით განისაზღვრება.