სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხორბლის მოსავლიანობის ზრდის ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით, 33%-ით გაიზარდა ხორბლის წარმოება და რომ მიმდინარე წელსაც მოსავალი უხვია.
„იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოსავლის ქვეყანაში დარჩენას და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და შევზღუდეთ ხორბლის და ქერის ექსპორტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობის გასაზრდელად განსახორციელებელია კომპლექსური ღონისძიებები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. აშშ-ში ვიზიტის დროს, აღნიშნული საკითხი განვიხილეთ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა მივიღოთ მათი მხარდაჭერა თესლის წარმოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ტექნიკით უზრუნველყოფის მიმართულებებით, შესაბამისად, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები იმპორტზე”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის“ 78 ერთეული კომბაინი. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით შეძენილი 32 კომბაინიც. აღნიშნული კომბაინების შესაძენად სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.