არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭირონ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიულ სიებში კვოტირების სტანდარტის გაუარესებას.
როგორც ქალთა უფლებადამცველები და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ქალი დეპუტატების ნაწილი აღნიშნავს, კვოტირების სისტემის ცვლილება მათთვის ოფიციალურად ცნობილი არ იყო. ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებების გამო “განგაშია ასატეხი”.
გუშინ, სრულიად გასაიდუმლოებულად, დილის ხუთ საათზე, ისე, რომ არავისთვის ცნობილი არ იყო, მეორე მოსმენაზე და არა პირველზე, დააყენეს ეს ცვლილება”, — განაცხადა ბაია პატარაიამ.
ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებების შეტანის მიზეზი საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საკრებულოებში პროპორციული წარმომადგენლობის გაზრდაა, ვინაიდან პარტიებს სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენლით დაკომპლექტების პრობლემა ექმნებათ.
პაპუაშვილის ამ არგუმენტს ბაია პატარაია ტყუილს უწოდებს.
“როდესაც კვოტების კანონპროექტი მივიღეთ და ეს უზრუნველყოფდა მხოლოდ 20%-იან ქალთა წარმომადგენლობას, მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო ძალიან დაბალი ციფრი. თუმცა საპირისპირო არგუმენტი იყო ის, რომ ნელ-ნელა ქვეყანა გადადის პროპორციულ სისტემაზე და არ შეიცვლებოდა კანონი” – განაცხადა პატარაიამ
მისი თქმით, ეს არა პარტიების პრობლემაა, არამედ კაცების, “რადგან ამ ქვეყანაში კაცი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ როგორმე ჩაჩეხონ და ჩააჩოჩონ პოლიტიკოსი ქალები პოლიტიკიდან”.
ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს არის, ალბათ, უპრეცედენტო მაგალითი პარლამენტარიზმის ისტორიაში, როდესაც ჯერ ამოქმედებულ ნორმას აუქმებენ.
“ძალიან ბევრი ქალის, ორგანიზაციის, ჯგუფის, მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ პარტია ყოფილიყო ვალდებული, ყოველი მეორე სიაში ყოფილიყო განსხვავებული სქესის. აი, ამ დიდი ბრძოლის შედეგს ერთი ხელის მოსმით უპირებს გაუქმებას “ქართული ოცნება” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პარტიულ სიაში ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. კანონის მოქმედი რედაქციით კი, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია იმგვარად უნდა შეადგინოს, რომ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.