“ერთობლიობაში აღებული ეს მაჩვენებელები გვაფიქრებინებს, რომ, დიდი ალბათობით, ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს, დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები, ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის.” – ვკითხულობთ მკვლევართა ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აქვეყნებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გუნდი საქართველოში კოვიდ-19-ის ეპიდემიის საწყის ეტაპზე, გარკვეული პერიოდულობით აანალიზებდა ეპიდემიის მიმდინარეობას და მოსალოდნელ საფრთხეებზე საკუთარ მოსაზრებებს საზოგადოებას უზიარებდა და მიუხედავად იმისა, რომ არ შეუწყვეტიათ ეპიდემიის დინამიკაზე დაკვირვება და ანალიზი, დიდი დრო გავიდა, რაც ეპიდემიის ტენდენციებზე საკუთარი მოსაზრებები საჯაროდ აღარ გამოუთქვამთ.
როგორც მკვლევართა გუნდი აცხადებს, იმის გამო, რომ ხედავენ კიდევ ერთი აფეთქების მოახლოებას და მიაჩნიათ, რომ საჭიროა დროულად გადაიდგას ნაბიჯები, თავს მოვალედ თვლიან, საკუთარი ნაფიქრალი საზოგადოებას გაუზიარონ.
მიმართვაში ვკითხულობთ
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ანალოგიური ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური სურათი, ვთვლით, რომ დღეს რამდენიმე ფაქტმა უნდა დაგვაფიქროს ჩვენც და მთავრობაც:
➤ გასული კვირების მანძილზე შეზღუდვების მოხსნამ მოსახლეობის მობილობის ზრდა გაამოიწვია (რაც Google Mobility ანგარიშებით დასტურდება) და ეს იმ ფონზე, როცა პირბადის ტარების მაჩვენებელი დღეისთვის IHME -ს მონაცემებით საგანგაშო ნიშნულზე დავიდა (43%), მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დეკემბრის დასაწყისში 70% იყო;
➤ თუ გადავხედავთ ვირუსის გავრცელების ბოლო კვირების დინამიკას, აშკარაა, რომ 10 მარტიდან მოყოლებული კოვიდ-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა 14-დღიანი პერიოდისთვის (ევროპის CDC-ს მიდგომა), მატებით ხასიათდება, ანუ ინფექციის გავრცელება უკვე ბოლო ორი კვირაა მზარდია, თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ნელი ტემპით;
➤ ბოლო 18 დღეა ზრდის ტენდენციით ხასიათდება ვირუსის აქტიური რეპროდუქციის მაჩვენებელის (Rt), თუმცა ეს მაჩვენებელი 1-ს მხოლოდ შვიდი დღის წინ გადასცდა. ეს მაჩვენებელი ერთის ქვემოთ უნდა შენარჩუნდეს, თუ გვინდა, რომ ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციაზე ვისაუბროთ;
➤ იზრდება ტესტირების 7-დღიანი საშუალო პოზიტიურობის მაჩვენებელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვეყანაში ჩატარებული დღიური ტესტების რაოდენობის მიმართ მეტად სენსიტიურია (რაც შაბათ-კვირას მნიშვნელოვნად მცირდება) და გარკვეული რყევებით ხასიათდება.
ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მოსაზრებების საჯაროდ გამოტანა მით უფრო მნიშვნელოვანია იმ გლობალური ტენდენციის პირობებში, როდესაც ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებმაც ასევე ვერ გაართვეს თავი მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილის აცრებით მოცვას, უხდება მკაცრი შეზღუდვების შემოღება ახალი, უფრო გადამდები და შესაძლოა, უფრო ვირულენტური შტამის ფართოდ გავრცელების პირობებში.
“მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არ გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც 2020 წლის შემოდგომაზე არჩევნების გამო დავუშვით როგორც მთავრობამ და პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, ასევე საზოგადოებამ. გადაუდებლად გვჭირდება სწორი და მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, სულ მცირე საჭიროა ყველას შევახსენოთ, რომ ყველამ და ყველგან საჯარო სივრცეში პირბადე ვატაროთ.
ფაქტია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და ამ მოთხოვნის აღსრულება უკვე ბოლო თვეებია მოიკოჭლებს, ამიტომ იქნებ მედიასაშუალებებმა ატეხონ განგაში, სანამ სახელმწიფო სააღსრულებო სისტემა ძალას მოიკრებს.
ნუთუ ვერ შევძლებთ, რომ ერთი ნორმალური სარეკლამო რგოლი ყველა არხზე და ყველა სარეკლამო ჭრაში დავატრიალოთ, რომ საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ და რაც მთავარია ქცევა შევაცვლევინოთ?”- ვკითხულობთ მიმართვაში.
მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელი იქნება ჯანდაცვის სექტორის მზაობა როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველად ჯანდაცვის დონეზე:
“სავალალოა, რომ ამ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად და ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი ლიმიტირებული ვაქცინების ფონზე, დაბალია სამედიცინო პერსონალში აცრების დონე. ალბათ თითოეული დაწესებულების ხელმძღვანელმა მაგალითი უნდა მისცეს თანამშრომლებს და დროულად აცრას, რათა დაიცვას როგორც ფრონტის წინა ხაზის მებრძოლები, ასევე და უმთავრესი, მათ დაწესებულებაში მოხვედრილი კოვიდის არმქონე პაციენტები.
ალბათ ისევ ცხოვრება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ყოფნა საკმარისი ვერ იქნება და ბოლო თვეებში ვერც ზეპარტიული ერთობის მაგალითები ვიხილეთ. იქნებ დროა, რაღაც პრობლემებს ჩვენ თავად მივხედოთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, როგორც პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ ვთვლით, რომ ცნობილი დაწესებულებების მესვეურებს ხელეწიფებათ არა მარტო საკუთარ გუნდს უჩვენონ მაგალითი, არამედ ბევრ სხვასაც.” – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.
მკვლევართა ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება კარს მომდგარ საფრთხეს და დროულად გადადგამს იმ საჭირო ნაბიჯებს, რაც ქვეყანას შემდგომი აფეთქებისგან დაიცავს, “თუ, რა თქმა უნდა, არ ჩათვლის, რომ ჩვენი წუხილი ნაადრევია და ამ ეტაპზე საშიში არაფერია”.