LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანა არ იცვლება სიმინდში“: რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება, საფრთხეები და რისკები – რას აკეთებს სახელმწიფო

205
ბათუმი

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ნაკადი სხვადასხვა ქვეყანაში რომ წავიდოდა, ეს ალბათ მოსალოდნელი იყო. შესაძლოა, მათი გარკვეული ნაწილი ევროპის ქვეყნებშიც მიდის, მაგრამ საქართველო ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც მათ ხელსაყრელი პირობები ხვდებათ. თანაც საქართველოში შემოსვლა და აქ ცხოვრება საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელი. ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე კი გეტყვით, რომ დაახლოებით სამი კვირაა, სოციალური ქსელი მოიცა მოქალაქეების ისტორიებმა, თუ როგორი პრეტენზიებით მიმართავენ მათ რუსეთიდან შემოსული პირები, ზოგი სამარშრუტო ტაქსიში ჩართულ უკრაინულ სიმღერას აპროტესტებს, ზოგი მენიუს რუსულ ენაზე ითხოვს, ცოტა ხნის წინ კი სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჩაქვში გადაღებული ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ ერთ-ერთ სახლში რუსული დროშა იყო აღმართული.

შესაბამისად, დავინტერესდით, სადამდე მიიყვანს ქვეყანას ეს ყველაფერი, როგორ უნდა დავხვდეთ ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულებს, როცა ისინი არ არიან ტურისტები, აქ სახლებს ყიდულობენ და ბიზნესს არეგისტრირებენ და რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთ დღეს პუტინმა „საკუთარი მოქალაქეების დაცვის“ საბაბით საქართველოში შემოსვლა გადაწყვიტოს. ყველასთვის ცნობილია, რომ 2008 წელსაც ე. წ. პასპორტიზაცია დაიწყო და თქვა, რომ ის საკუთარ მოქალაქეებს იცავდა და როგორც ექსპერტები ჩვენთან საუბარში იხსენებენ, ასეთი მეთოდები რუსეთს ბევრჯერ გამოუყენებია ისტორიის მანძილზე.

 

                                                                           

 

ტურისტები თუ მოსიარულე საფრთხეები

 

რატომ არის რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ხელსაყრელი და შეიძლება ითქვას, სასათბურე პირობები – ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტს გადავხედეთ , სადაც ვკითხულობთ. რომ „საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 (ერთი) წლის ვადით ყოფნის უფლება“, სხვა ათეულობით ქვეყანასთან ერთად, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებსაც აქვთ. ერთი წლის შემდეგ, თუკი საქართველოდან ცოტა ხნით გავლენ და ისევ დაბრუნდებიან, ახალი ერთწლიანი ვადის ათვლა 0-დან დაიწყება.

რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს , რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, სტატისტიკა ასეთია:

  • პანდემიამდე, 2019 წელს, ისევე როგორც 2018 წელს, ვიზიტორების ჩამონათვალში რუსეთი იყო მესამე ადგილას (აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ)
  • 2020-2021 წლების ივნისში, რუსეთიდან ვიზიტორებს სიდიდით მეორე მაჩვენებელი ჰქონდათ, თურქეთის შემდეგ და ასე შენარჩუნდა 2022 წლის მარტამდე
  • რუსეთმა ჩამონათვალში პირველი ადგილი დაიკავა 2022 წლის აპრილიდან და ასე გაგრძელდა – როგორც მაისში, ასევე ივნისში.

სამინისტროს ცნობითვე, ივნისში საქართველოში რუსეთის დაახლოებით 135 457 მოქალაქე შემოვიდა. მარტში მათი რიცხვი 45 068 იყო.

ახლა რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენას, რაც მინიმუმ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ისინი ტურისტები არ არიან – როგორც ირკვევა, მათ ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა უკრაინაში ომამდე დაიწყეს. გასაგებია, რომ რუსეთის მოქალაქეები პერიოდულად ბინებს თბილისსა და ბათუმში ადრეც ყიდულობდნენ, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყებამდეც, თუმცა ამ შემთხვევაში კითხვებს აჩენს ზრდის მაჩვენებელი. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის“ მიხედვით, „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის“.  საინტერესოა  მუდმივი ბინადრობის მოწმობების გაცემის თემაც, რასაც ძირითადად, საქართველოს მეზობელი ქვეყნების (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი) მოქალაქეები ფლობენ, ხოლო დროებითი მობინადრეების უმეტესობა ირანის, ინდოეთის და ამ შემთხვევაშიც რუსეთის მოქალაქეები არიან.

“საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში” 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ მაშინ ყველაზე მეტი მუდმივი ბინადრობის უფლება – 44% სწორედ რუსეთის მოქალაქეებზეა გაცემული. 

ანუ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ საქართველოს სახელმწიფო ადრეც ლოიალური მიდგომით გამოირჩეოდა, თუმცა დღევანდელ რეალობაში, როცა პუტინის სახე მთელმა მსოფლიომ დაინახა და ცივილიზაცია გაიყო რუსეთიVSდანარჩენი სამყარო, ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ უსაფრთხოებაზე კითხვები გააჩინა.

 

რას ამბობს ხელისუფლება 

 

მას შემდეგ რაც, ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება და მათი გაკონტროლება მოითხოვა, ხელისუფლებამ რუსული ნარატივის გამეორება დაიწყო და ყველას ქსენოფობები უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვივებს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებთან შედარებით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა და ვიზის გაცემის რიცხვი არ შეცვლილა.

“2020 და 2021 წლის აღება რომ ხდება ეს არარელევანტურია, იმიტომ, რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება… ეს ხომ არ არის ახალი კამპანია, მარტშიც იყო ეს კამპანია და ვნახეთ ამან სანამდე მიგვიყვანა, გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. აი, ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია. და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართულა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს”, – აცხადებს პაპუაშვილი.

„ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“ - კობახიძე სავიზო რეჟიმზე

ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დღეს რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც არის სრული ტყუილი. რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, 1%-იც არ იქნება - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა „დესტაბილიზაციისა და ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება“.

„ახლა საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია – სურთ დესტაბილიზაცია და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს“, – თქვა ოხანაშვილმა.

სინამდვილეში კი, რუსეთს ომის დასაწყებას მიზეზები არ სჭირდება. საბაბად კი , ძირითადად, “საკუთარი მოქალაქეების დაცვას” იყენებს. შესაბამისად, ექსპერტებს უჩნდებათ ლოგიკური კითხვები, რამდენად შეიძლება, ერთ დღეს, ასევე “საკუთარი მოქალაქეების დაცვის” მოტივით პუტინი თავს საქართველოსაც დაესხას.

 

 

“ჩვენ შეიძლება, თავისუფლება საერთოდ დავკარგოთ” 

 

რა რისკები და საფრთხეები ჩნდება, როცა რუსეთიდან მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას ვუყურებთ, რა უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს და საკუთარ თავებს, ვის რა პასუხისმგებლობა გვაკისრია – ამ საკითხებზე ჩვენს კითხვებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტმა გია ჯაფარიძემ უპასუხა.

“როცა დაიწყო 24 თებერვალს მორიგი აგრესია რუსეთის მხრიდან უკრაინაში და ცხადი გახდა, რომ რაღაც ნაკადი ჩვენთან წამოვიდოდა, მაშინვე უნდა გვეფიქრა, გვეგრძნობინებინა, რომ საქართველო ის ადგილი არაა, სადაც ისინი მიღებული სტუმრები არიან. ჩვენ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი. ამის ნაცვლად, აქეთ გვიქმნიან დისკომფორტს. უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ისინი აქ სასურველი სტუმრები არ არიან. არ იყო სწორი თავის დროზე, როცა სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, უვიზო რეჟიმი დავუწესეთ. მესმის, რომ დღეს შესაძლებელია, რთული იყოს სავიზო რეჟიმის შემოღება, ანუ ამ ხელისუფლებისთვის ეს შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს. მხოლოდ ეს არ არის, შენ უნდა შექმნა სხვა ისეთი პირობები, რაც შეიძლება აღმოჩნდეს ტექნიკური წინაღობა. აქ ტურისტებზე არ არის საუბარი. ტურისტი ვიცი, ორი კვირით რომ სახლს იქირავებს და წავა. ტურისტი 4 თვით არ შემოდის ოჯახთან ერთად, შვილები სკოლებში არ მიჰყავს, ან სამეწარმეო საქმიანობას არ იწყებს, ეს ტურიზმი არ არის, ის საცხოვრებლადაა გადმოსული.

ხელისუფლება რომ ცუდად იქცევა, ეს მოქალაქეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მე, როგორც მოქალაქეს ჩემი პოზიცია უნდა მქონდეს. ჩვენ, როგორც მოქალაქეებს ინდივიდუალური რეაქციები უნდა გვქონდეს. სახელმწიფო რომ არასწორად იქცევა, გასაგებია. ჩვენ შეიძლება ქვეყნის თავისუფლება საერთოდ დავკარგოთ.

მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი იმ ადამიანებს, რომლებიც შემოსულები არიან არა როგორც ტურისტები.

ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა მშვიდობით შესულა ხალხი და შემდეგ, ის ქვეყნები დაუპყრიათ.

სიმინდსა და ბარში შემოსავალზე, ჩურჩხელაზე … ამაში ქვეყანა არ უნდა გავცვალოთ, ქვეყანა არ იცვლება სიმინდში, რაღაცები არის, რაც არ იყიდება”, – ამბობს გია ჯაფარიძე.

ამ დროისთვის სამოქალაქო აქტივისტები სხვადასხვა სახის მცირე აქტივობებით, როგორიცაა ქუჩაში, ასფალტზე წარწერების გაკეთება ან სტიკერების გაკვრა – ცდილობენ ანტისაოკუპაციო განწყობების გამოხატვას.