LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვესადგურ „მარნეული 500–ის” მშენებლობა დასრულდა

95

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია.

პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის(ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
“მარნეული 500“-ის  მშენებლობის პროექტის ღირებულებამ  20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი ქვესადგურის მშენებლობის დასრულება.

“ვფიქრობთ, ეს ქვესადგური უმნიშვნელოვანესი შენამატი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს პროექტი 50-მილიონიანი „რეგიონალური ელექტროგადამცემის გაუმჯობესების პროექტისა“ და საქართველოს მთავრობის ათწლიანი ელექტროგადაცემის განვითარების სისტემის სტრატეგიული გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გეგმის თანახმად, 735 მლნ ევროს ინვესტირებაა გათვალისწინებული ქვეყნის ელექტროგადაცემაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის, მოსახლეობისა და ეკონომიკის მომარაგებისთვის, ასევე, საქართველოს,როგორც სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი, რომლის მხარდაჭერით პროექტი განხორციელდა, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მთავრობის პარტნიორ სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის – KFW-ს, მსოფლიო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.

“ეს ინვესტიციები მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და სტაბილურს ხდის ქვეყნის ენერგომომარაგებას. ჩვენი ქვეყანა, ასეთ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულობით, კიდევ უფრო განამტკიცებს ენერგოსტაბილურობას ქვეყანაში და ელექტროენერგიით ქვეყნის სტაბილურ მომარაგებას”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

„მარნეული 500“-ის სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST/BETAS განახორციელა. ქვესადგური”მარნეული-500″-ის აშენებით, “საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემამ“ დაასრულა 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც “აზიის განვითარების ბანკის” (ADB)ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.