LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ენმ-ის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

44

ქუთაისში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მერობის კანდიდატად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, წარადგინა. მანამდე კი ქუთაისელებს სიტყვით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, მიმართა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, თქმით, წინ რთული საარჩევნო კამპანია იქნება, რადგან ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება.

“ქუთაისი არის ყველა ქართველის სიამაყე. ქუთაისზე ზრუნვა არის ყოველი ჩვენგანის ვალდებულება. ეს არ იქნება მარტივი საარჩევნო კამპანია, ჩვენ მოწინააღმდეგეს აქვს შეუზღუდავი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი და ღია და ფარული სატელიტების მთელი ჯოგი. მათი მოქმედებები არჩევნებამდე ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას აქვს გაყალბების სურვილი და მზადყოფნა. ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ არ გავაყალბებინებთ და არ მოვაპარინებთ არცერთ ხმას. ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე, პატიოსნება, ერთმანეთის ერთგულება, ცოდნა, პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

“ფორტუნა” იმის შესახებ, რომ ქუთაისში ენმ-ის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნებოდა, ივნისში წერდა. როგორც მაშინ “ფორტუნას” წყარომ განუცხადა, პარტიაში არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებდნენ, ვაშაძის გარდა, მერობის კანდიდატად ქუთაისში ხატია დეკანოიძის კანდიდატურაც განიხილებოდა.