მეორე დღეა ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი, 7 მარტს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაკარგულის ძმამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი ინფორმაციით, სიიმ ვიგერი ბოლოს კაფეში მეგობართან ერთად იმყოფებოდა და მას შემდეგ სასტუმროში არ დაბრუნებულა.
საქართველოში სიიმთან ერთად მოგზაური მისი მეგობარი ამბობს, რომ ბოლოს ის რესტორან “ბარაქაში” ნახა. მისი განმარტებით, ამ დროისათვის მეგობრის გაუჩინარებიდან 34 საათია გასული. მათ უკვე მიმართეს სამართალდამცავ უწყებებს.
“ჩემი მეგობარია, რესტორან “ბარაქაში” ერთად ვიყავით. ნასვამი იყო. შემდეგ შევამჩნიე, რომ გაუჩინარდა. მთელი ღამე ვეძებდით. ჰოსტელში არ დაბრუნებულა. გუშინვე განვაცხადე პოლიციაში. 34 საათია მას შემდეგ გასული და არაფერი გაგვიგია. დღესაც პოლიციაში მივდივარ, კამერების ჩანაწერების სანახავად. ფეისბუქის გვერდიდან გავიგე, რომ რუსთაველზე უნახავთ ვიღაცეებს. დღეს ნიდერლანდებიდან 4 ადამიანი ჩამოდის, რომლებიც მის მოძებნაში დაგვეხმარება”, – აცხადებს დაკარგული ტურისტის მეგობარი.
შსს-ს ინფორმაციით, ნიდერლენდებიდან ჩამოსული ტურისტის გაუჩინარების თაობაზე განცხადება უწყებაში შემოსულია. მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოები.