LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს

40

მიმდინარეობს ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები, რომელიც თავის თავში მოიცავს სარკინიგზო სამუშაოების კომპონენტსაც, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ ჩანს ნიშნები ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნისა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაანონსა.

„ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო კვანძის გაზრდასთან ქუთაისში. თუ სწორად მახსოვს, 28-მილიონიან ინვესტიციაზე არის საუბარი და სამშენებლო პროცესი დაწყებულია. აღნიშნული პროექტი – ქუთაისის აეროპორტის განვითარება – შედგება რამდენიმე კომპონენტისგან და ყველაზე მთავარი არის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები და ამავე დროს, აეროპორტის დაკავშირება სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან. ქუთაისში ძალიან გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და რა თქმა უნდა, ეს ყველას ძალიან გვიხარია. შესაბამისად, აუცილებლობა არის, რომ კიდევ უფრო დიდი გამტარუნარიანობის სატრანსპორტო კვანძი მოეწყოს ქუთაისში. მე ვფიქრობ, გაერთიანებული აეროპორტების კომპანია ძალიან დეტალურად შეძლებს პრეზენტაციის გაკეთებას ამის შესახებ და სრულ ინფორმაციას მოგაწვდიან. მე რაც შემიძლია დღეს გითხრათ, არის ის, რომ მიმდინარეობს ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები, რომელიც თავის თავში მოიცავს სარკინიგზო სამუშაოების კომპონენტსაც. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო დიდი რეზერვით მოხდეს ინფრასტრუქტურის შექმნა უფრო გაზრდილი გამტარუნარიანობისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 3 აპრილს ქუთაისის აეროპორტის წინ რკინიგზის სადგურის მშენებლობა გახსნა, რომელიც მისი თქმით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაიწყებდა ფუნქციონირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები