აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა ქუთაისში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ კაციასთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ეკატერინე გალდავასთან ერთად, ბანკის მიერ დაფინანსებული წყალმომარაგების მშენებარე ობიექტი დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, უცხოური დელეგაცია ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო და სამუშოების პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.
ADB-ის მხარდაჭერით, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად 92 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოებს კორპუსების შიდა ქსელებისა და რამდენიმე დასახლების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაემატა, რამაც მშენებლობის ვადები გაზარდა. ინფრასტრქუტურული სამუშაოები მომავალი წლის აპრილში დასრულდება, რაც ქუთაისში საბოლოოდ გადაჭრის სასმელი წყლის პრობლემას და ქალაქის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე შენდება – სამი ახალი რეზერვუარი და სამი სატუმბი სადგური. ასევე, მიმდინარეობს შიდა გამანაწილებელი ქსელისა და მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, წყლის რაციონალურად მოხმარების მიზნით, კომპანია კორპუსებში მცხოვრებ 15 000 აბონენტისთვის მრიცხველების დაყენებას უზრუნველყოფს.