საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომი გაფართოვდა და ის ამიერიდან, ნაცვლად 200-ისა, 700 ავტომობილს დაიტევს.
ჯამში დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. გაკეთდა წყალარინების ახალი სისტემა და დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.
ავტოსადგომის გაფართოების პროექტში 3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სრულად, საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.