LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე IATA იმუშავებს

126
ქუთაისი

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე სამუშაოდ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით, თბილისში სამდღიანი ვიზიტით საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტები იმყოფებიან (სწორედ IATA-მ გაიმარჯვა აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ის პროექტია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წარმატების ისტორია უკვე დაწერა. ეს არის აეროპორტი საიდანაც, საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მომავალ წლებშიც წარმატებით ვფოკუსირდეთ ამ მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ტურიზმის გენერირების მიმართულებით, არამედ ის რეგიონში ეკონომიკური მდგენელიცაა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის არსებობა – უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტის, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ცნობით, 6 თვის განმავლობაში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებენ, რაც გულისხმობს აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში.

საქართველოში ვიზიტად მყოფი IATA-ს ექსპერტები აეროპორტების გაერთიანების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ ყველა უწყებასთან გამართავენ შეხვედრებს. ასევე, მოინახულებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.