ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს ახალი და აღდგენილი მიმართულებების მატებასთან ერთად, ახალი სერვისებიც ემატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საერთაშორისო ბრენდების შემოყვანის, პროდუქტებისა და მომსახურების დივერსიფიკაციის პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამჯერად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ქართულ კერძებზე ორიენტირებულ კვების ობიექტებს იწვევს.
„ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტზე, რაც გულისხმობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ქართული სამზარეულო. ეს ნიშა ჯერჯერობით შესავსებია და ვიწვევთ დაინტერესებულ კომპანიებს თანამშრომლობისათვის. უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უმნიშვნელოვანესია სწორედ ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, განსაკუთრებით კი იმერეთის რეგიონში. აეროპორტი ჩვენი ქვეყნის სახეა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რითაც ვამაყობთ შესაბამისად და სათანადოდ იყოს წარმოდგენილი – ეს არის მგზავრის პირველი და ბოლო შთაბეჭდილება ჩვენი ქვეყნის შესახებ. შესაბამისად, კომერციული ფართების დაგეგმარების პროცესში ეს ხედვა გათვალისწინებული იქნება. ამ ეტაპზე, სპეციალურად ქართული ბრენდებისთვის აეროპორტის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც საპასპორტო კონტროლამდე – ულამაზეს ტერასასთან, ასევე საპასპორტო კონტროლის შემდეგ გვაქვს გამოყოფილი ფართები საკვები ობიექტისთვის. აღნიშნული ორი ფართის გაერთიანება, ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ ფასად, ობიექტების ოპერატორს საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება არამხოლოდ მგზავრი, არამედ დამხვედრიც და გამცილებელიც, მისი პროდუქტი შესთავაზოს ტერმინალის 2 ყველაზე დატვირთულ და ცხელ წერტილში“, – აცხადებს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.
მისი თქმით, აეროპორტების გაერთიანება ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული პროდუქცია თუ სერვისი შესთავაზოს ქუთაისის აეროპორტის მგზავრს, ასევე, ხელი შეუწყოს ქართული კომპანიების აეროპორტში მაქსიმალურად წარმოჩენას. მსგავსი მიდგომა კომპანიის ხედვით გააძლიერებს არამხოლოდ აეროპორტის შეთავაზებას, არამედ არის შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის გააფართოონ მოცვის არეალი და გაზარდონ ბრენდის ცნობადობა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროპორტში ოპერირებით დაინტერესებული კომპანია უნდა წარმოადგენდეს ქართულ ბრენდს და გააჩნდეს ამ მიმართულებით ოპერირების გამოცდილება.
ამ ეტაპზე, ქუთაისის აეროპორტში 2 კვების ობიექტი – “ბასკინ რობინსი” და “კოფისტა” ოპერირებს, ხოლო წლის ბოლომდე მგზავრებს დამატებით სამი ბრენდი: “დანკინი”, “სმარტი” და “მეამა” მოემსახურება. დაინტერესებულმა პირებმა კომპანიას შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]