2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 63,679 მგზავრს მოემსახურა, რაც 55 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 231 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 41 % მეტია.
შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატების შემდეგ, მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
,,ივნისში ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შეიძლება ითქვას, მართლაც მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოვემსახურეთ. მგზავრთნაკადის 55 %- იან ზრდას რა თქმა უნდა, ახალ მიმართულებებს ვუკავშირებთ. ესენია: რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა და ათენი. გუშინ უკვე ბუქარესტის მიმართულებაც დაგვემატა. მოლოდინი მომავალ თვეშიც პოზიტიური გვაქვს“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.