მიმდინარე წლის გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტში უკვე მატარებლით ჩახვალთ. თბილისიდან კოპიტნარამდე სარკინიგზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც ”ფორტუნას” რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
”თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე საქართველოს რკინიგზა ორ პროექტზე მუშაობს – ერთი ითვალისწინებს კოპიტნარში არსებული ძველი სადგურის რეაბილიტაციას, მეორე კი ახალი სადგურის მშენებლობას. პირველი პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. რკინიგზა ძველი სადგურის სარემონტო სამუშაოებს საკუთარი რესურსით ახორციელებს, შესაბამისად, დიდი თანხა არ იხარჯება. პროექტის დასრულება, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლომდე მოესწრება”, – აღნიშნა ცაგურიამ.
მისივე თქმით, თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი მატარებლები ამ ძველ სადგურში გაჩერდებიან, ხოლო სადგურიდან აეროპორტამდე მგზავრებს ავტობუსი მოემსახურება.
”მატარებლის ბილეთის ფასში ავტობუსის მომსახურებაც შევა. მოგეხსენებათ, მსოფლიოში სამხრეთ აფრიკის შემდეგ, საქართველო მატარებლის ბილეთის სიიაფით მეორე ადგილზეა. შესაბამისად, არც თბილისიდან-კოპიტნარამდე ბილეთი ეღირება ძვირი”, – განმარტა რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
რაც შეხება მეორე სადგურს, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ცაგუარია ამბობს, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც დასრულდება ეს მეორე, მასშტაბური პროექტი, ძველი სადგური აღარ იმუშავებს და მატარებელი პირდაპირ აეროპორტში გაჩერდება.
თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიზგის მშენებლობას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა პროექტის განხორციელებაში ფინანსურ თანამონაწილეობას საქართველოს რკინიგზაც მიიღებს.