ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის აგვისტოში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს 6 რეისს ერთდროულად მოემსახუროს.
„ეს პროექტი, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ, ვფიქრობთ, რომ ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, რომ გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს. 92%-ითაა გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან და ეს, ერთი მხრივ, ვიზალიბერალიზაციის შედეგია, ხოლო მეორე მხრივ, ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი“, – აღნიშნა პრემიერმა.