“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით (ტაქსით) გადაყვანის ექსკლუზიური უფლების პირობებით გადაცემაზე, აუქციონი გამოაცხადა. პირობების მიხედვით, აუქციონში, რომელიც 17 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული, მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით (ტაქსით) გადაყვანის უფლება გაიცემა 3 წელის ვადით.
აეროპორტში მგზავრების ექსკლუზიური გადაზიდვების სარგებლობის 1 თვის საწყისი ღირებულება შეადგენს 3 380 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
აუქციონში გამარჯვებულს/ოპერატორს (ოპერატორი – პირი, რომელსაც აუქციონში გამარჯვებისა და აეროპორტების გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით – ტაქსით გადაყვანის ექსკლუზიური უფლება) არ აქვს უფლება აეროპორტების გაერთიანების წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობები მესამე პირებს.
მგზავრთა გადაყვანისთვის საჭიროა აუქციონში მონაწილეს საკუთრებაში, ან დროებით კანონიერ მფლობელობაში/სარგებლობაში ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის და ტექნიკური მახასიათებლების მქონე, არანაკლებ 15 სატრანსპორტო საშუალება. მგზავრთა გადაყვანისთვის გამოიყენება მხოლოდ სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება.
დეტალები, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ კიდევ, იმისთვის, რომ აუქციონში გაიმარჯვოთ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.