LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქუჩის აკადემია”, სქესობრივი განათლება მხოლოდ ბიჭებისთვის და აღზრდის ავტორიტარული სტილი – მშობლები საქართველოში

bavshvimshobeli

გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს. კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლების სათანადო მხარდაჭერას. მშობლები ძირითადად ზრუნავენ მათ მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ნაკლებად მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ანგარიშის მიხედვით, ორივე სქესის მოზარდების თქმით, მათ სურთ მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ისეთი საკითხების გაზიარებისას, რომლებიც აწუხებთ. შემთხვევები, როცა მოზარდი მისთვის ყველაზე ემოციურ პერიოდებში ვერ გრძნობს მშობლის სათანადო მხარდაჭერას,  უარყოფითად აისახება მათ ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე.

 „არ მინდა სახლში პრობლემებზე ვისაუბრო. როდესაც გავუზიარე, ისევ მე დამადანაშაულეს, – აღნიშნავს კვლევაში მონაწლე 13 წლამდე ასაკის ბიჭი თელავიდან.

14-17 წლის მოზარდების ფოკუს ჯგუფში მონაწილე გოგონა სწორედ მშობლის მიერ მოზარდის გრძნობებისა და საჭიროებების უგულებელყოფას უკავშირებს მოზარდის მოწყვლადობას:

„როდესაც ბავშვები თავიანთ თავს ზიანს აყენებენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი არ ღებულობენ საკმაო სიყვარულს ოჯახებისაგან, არც სხვა ვინმესგან. ზოგჯერ ასეთი მშობლები გაკვირვებულნი არიან, თუ ბავშვი ეცდება თვითმკვლელობას, მაშინ, როცა ისინი არ აქცევენ ყურადღებას, თუ მათი შვილი რას აყენებს პირველ ადგილზე. ამიტომ, ამ შემთხვევაში მშობლებიც დამნაშავე არიან,“ – ამბობს გოგონა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მოზარდები განიცდიან, მშობლების უპირობო სიყვარულია. კვლევის მონაწილის მოსაზრებით, მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ მშობლები მზად არიან მიიღონ ის ისეთი, როგორიც არის.

კვლევის თანახმად, მშობლები საკუთარი ავტორიტეტის გასამტკიცებლად ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს მიმართავენ, ბავშვის ზრდასთან ერთად, იკლებს ფიზიკური დასჯის მეთოდი. თუმცა, რჩება ემოციური მანიპულირება და ყვირილი.

როდესაც შენი შვილი გაგიჟებს, როგორ უნდა შეიკავო თავი და არ ეჩხუბო?“ (ფოკუს ჯგუფი მოზარდების მამებთან; სოფლად მცხოვრები, თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017)

მოზარდები კი ამბობენ, რომ ჩხუბი არ მუშაობს და მშობლებმა სხვა მეთოდებს უნდა მიმართონ.

უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ და მეგობრულად სთხოვონ შვილს რაღაცის გაკეთება (ფოკუს ჯგუფი, 10-13 წლის გოგონები; თელავი, საქართველო, 28 ოქტომბერი 2017).

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ მშობლების მიერ მოზარდების გარეგ­­­­­­ნობის კონტროლი ზოგიერთ მოზარდში უარყოფით განცდებს იწვევს.

მამაჩემმა არ იცის, რომ თმა შევიჭერი, ვერ იტანს მოკლედ რომ მაქვს, ამიტომ, სავარაუდოდ მეჩხუბება (ფოკუს ჯგუფი, 10-13 წლის გოგონები; თელავი, საქართველო, 28 ოქტომბერი 2017)

კვლევის შედეგად გამოვლინდა საერთო ტენდენცია მშობლებში, კერძოდ კი, მამებში, რომლებიც ძალიან დაღლილები და სასოწარკვეთილები ჩანან შვილების დაუმორჩილებლობით. აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერას და იმედს ისინი სასულიერო პირებთან (მაგალითად, მღვდლებთან) ეძებენ. თბილისელი მამები შვილებთან არსებული გადაუჭრელი კონფლიქტების მოსაგვარებლად ხშირად მღვდლებს მიმართავენ. მათი აზრით, მონასტერში ცხოვრება მოზარდის ქცევას შეცვლის და გამოასწორებს.

მე ორი წლის წინ გავაგზავნიდი მას მონასტერში, მაგრამ მითხრეს, რომ განსაკუთრებულად ძნელია მონასტერში დიდი მარხვის დროს (ფოკუს ჯგუფი მოზარდების მამებთან; ქცევითი პრობლემების, მრავალშვილიანი ოჯახი; დიდი ოჯახი, თბილისი, საქართველო).

კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახებში, სადაც მშობლები აღმზრდელობით სამუშაოს ეწევიან და მოზარდებთან დიალოგი და ღია კომუნიკაციაც წახალისებულია, მოზარდები უფრო იოლად გადიან მათი ცხოვრების ამ გადამწყვეტ ეტაპს.

ვერ წარმომიდგენია ურთიერთობა ჩემს მშობლებთან, რომ არ მენდობოდნენ (ფოკუს ჯგუფი, 14-17 წლის ბიჭები; ბათუმი, საქართველო, 22 ოქტომბერი 2017).

ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს ოჯახში. მიყვარს მათთან საუბარი, დედ­-­მამასთან ერთად ვარჩევ, როგორ ჩაიარა დღემ სადილის დროს (ფოკუს ჯგუფი, 14-17 წლის გოგონები; თბილისი, საქართველო, 16 ოქტომბერი 2017).

კვლევის თანხმად, მოზარდების უმეტესობას სურს მშობლებთან ურთიერთობა, თუმცა პრი­ვატულობა ერთ-ერთი მთავარი ასპექტია იმისთვის, რათა თავი ზრდასრულ ადამიანებად აღიქვან.

ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებასთან ერთად, ზრდის მნიშვნელოვანი და ბუნებრივი თანმდევი პროცესია სქესობრივი განვითარებაც. კვლევის თანახმად, ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, ესაუბროს და რჩევები მისცეს შვილს სექსზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რისკ-ფაქტორებსა და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

როდესაც საქმე მოზარდ ბიჭებს ეხება, მამები აცნობიერებენ გარკვეულ ასაკში თავიანთი ბიჭი შვილების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, დაამყარონ სქესობრივი კავშირი და მეტიც, ღიად და ფინანსურადაც კი უჭერენ მხარს ამ გამოცდილების მიღებას. თუმცა, მოზარდი გოგონების მამები სექსუალობის საკითხებზე საუბარს საფრთხედ აღიქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ თემებზე საუბარი გამოიწვევს და დააჩქარებს შვილის სურვილს და ინტერესს სექსის მიმართ. მხოლოდ რამდენიმე მამამ გამოხატა მზაობა, ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა შვილებთან, განურჩევლად სქესისა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც ანგარიშშია საუბარია, ძალადობაა. მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. თუმცა, მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ მხარდაჭერით უპასუხონ მოზარდების გაზიარებულ ამბებს.

„არ მოვუყვები, რადგან საბოლოოდ მე დამადანაშაულებენ. თუ ვინმემ რამე გითხრა, უნდა მოგეთმინაო, მეტყვიან, მე ასეთ რაღაცეებს ვერ ვითმენ (ფოკუს ჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017).

რომ მოვუყვე, მეჩხუბებიან. ერთხელ კლასელმა დამარტყა და ვცემე, ცხვირში დამარტყა ისე, რომ გამისივდა, სახლში რომ მივედი, მე დამსაჯეს (ფოკუს ჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017).

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოზარდობის პერიოდში ბიჭები ე.წ. ქუჩის აკადემიას გადიან და მშობლების ნაწილში ამ „სკოლის“ გავლა მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთ საჭირო გამოცდილებად აღიქმება.

ბიჭმაქუჩის აკადემიაუნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს (ფოკუს ჯგუფი, მოზარდების მამები; ბათუმი, საქართველო, 22 ოქტომბერი 2017).

კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა მოზარდი, რომელიც ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ყოფილა, ძალადობაზე რეაგირების მხრივ, უფროსების, განსაკუთრებით კი, მამების რჩევებს ითვალისწინებს; შვილები ითვისებენ და პრაქტიკაში იყენებენ იმას, რასაც მშობლები უხსნიან და ასწავლიან.

კვლევის თანახმად, თუ ბავშვის უახლოეს გარემოცვაში მოზარდს წამახალისებელ და მხარდამჭერ გარემოს არ სთავაზობენ, მას სათანადოდ არ განუვითარდება ახალი გარემოს შემეცნებისა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი. ასეთი ტიპის დანაკლისები, ხშირად ანტისოციალურ ქცევაში, დაბალ თვითშეფასებასა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის არასათანადო უნარებში გამოიხატება.

კვლევის მონაცემების მოსაპოვებლად გამოყენებულია თვისებრივი მეთოდები, კერძოდ, ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები. კვლევის სამიზნე ჯგუფებია: მოზარდები მოზარდობის პერიოდის ადრეული (10-13) და გვიანი (14-17) ასაკობრივი ჯგუფებიდან; მოზარდების მშობლები/აღმზრდელები; წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ მოზარდების აღზრდასთან დაკავშირებულ პროგრამებზე, პროექტებსა და პოლიტიკის შემუშავებაზე. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 16 დისკუსია ფოკუს ჯგუფთან.

ანგარიშს თან ერთვის რეკომენდაციებიც, რომელიც “იუნისეფმა” პოზიტიური მშობლობის ხელშეწყობისთვის შეიმუშავა:

  • შემუშავდეს პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ მოზარდების და მათი მშობლების სპეციფიკურ საჭიროებებს;
  • გაძლიერდეს მოზარდთა მშობლობის გაფართოებული, მიზნობრივი მხარდაჭერის ადვოკატირება;
  • გაძლიერდეს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება მოზარდთა მშობლობა და რა საჭიროებები აქვთ მოზარდთა მშობლებს;
  • გაძლიერდეს ინტერსექტორული და ჰორიზონტალური თანამშრომლობა მოზარდების მშობლების და თავად მოზარდების მხარდასაჭერად;
  • გაძლიერდეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების შესაძლებლობები მოზარდების პოზიტიური მშობლობის მხარდასაჭერად;
  • პროგრამების დიზაინი, მონიტორინგი და შეფასება უნდა ასახავდეს მოზარდებსა და მათ მშობლებთან დაკავშირებულ სპეციფიკურ გამოწვევებს.