LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩაში მყოფ ბავშვებზე ვეღარ იძალადებენ

534

ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების დასაცავად სახელმწიფო იურიდიულ ბერკეტს აძლიერებს, რომლის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულება სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობა იქნება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე დღეს წარადგინა.

როგორც რადიო ”ფორტუნას” იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა განუცხადა, კანონპროექტი ქუჩაში მყოფი ბავშვების იურიდიული იდენტიფიკაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის რამდენიმე მთავარ მიმართულებას ითვალისწინებს.

პირველ რიგში, მკვიდრდება სამართლებრივი დეფინიცია ”მიუსაფარი ბავშვი”, რაც ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების იურიდიული იდენტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაცემის საფუძველი გახდება, მსგავსი განსაზღვრება აქამდე კანონმდებლობით არ იყო გაწერილი. ამასთან, ძამაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე იქნება სოციალური მუშაკის უფლებამოსილების გაფართოება.

სოციალური მუშაკი, დეფინიციის ”მიუსაფარი ბავშვი”, დამკვიდრების შემდეგ უფლებამოსილი იქნება არასრულწლოვანისთვის იურიდიული დოკუმენტაციის დამზადება-გაცემა მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებართვის გარეშე განახორციელოს. ეს, თავისთავად, გულისხმობს ბავშვისთვის განათლების მიღების, სოციალური თუ ჯანდაცვითი მომსახურების მიღების გარანტიას.

კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი, რაზეც ბექა ძამაშვილმა რადიო ”ფორტუნასთან” გაამახვილა ყურადღება, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის ჩარევის უფლებაა. სოციალური მუშაკი უფლებამოსილია არასწრულწლოვანზე ძალადობის შემთხვევაში, მოახდინოს რეაგირება და მყისიერად მოხდეს ბავშვის განცალკევება მასზე მოძალადისგან, იქნება ეს მშობელი თუ სხვა პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები