LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინების თარიღის დაჯავშნა დისტანციურად და ვეფხისტყაოსანი საჩუქრად – იუსტიციის უწყების ახალი ინიციატივა

581

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს ხანში სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო ქორწინების მსურველ წყვილებს შესთავაზებს სერვისს, რომლის პრეზენტაციაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა.

საქართველოში საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაციის მსურველ პირს ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი ადგილიდან შეეძლება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სააგენტოს ქორწინების სახლში წინასწარ გამოცხადების გარეშე შეარჩევს ვებ გვერდზე.

ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ახალქალაქში. ქორწინების მსურველი წყვილებისთვის სპეციალური სადღესასწაულო სივრცე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსშიც მოეწყო.

ამასთან, ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცემა.

„იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ – ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს.

„ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციისლაბორატორიაში ინახება,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დღეიდან რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ.

ქორწინების საზეიმო ცერემონიისას რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა, რომელმაც სარიტუალო მოთხოვნების გათვალისწინებით სამოსის რამდენიმე ვერსია შექმნა. ამიერიდან საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას, რეგიტრატორებს დახვეწილი და ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები