ვერ მოხდება ქობულიას წასვლის როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილების განხილვა, რომელშიც უცნაური არაფერია, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, ეკონომიკის მინისტრის მიერ პოსტის დატოვების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი გარკვეული უთანხმოების არსებობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მომავალში მნიშვნელოვანია, რომ მსგავს საკადრო გადაადგილებებში პარლამენტი უფრო აქტიურად ჩაერთოს.
“მომავალში დასახვეწია ეს საკითხი. გასაგებია, რომ ჩემთვის ცნობილი იყო, რომ გარკვეული უთანხმოება არსებობდა, მაგრამ ასე მყისიერად თუ დადგებოდა ეს საკითხი, არ ვიცოდი. უფრო მაღალი ხარისხის კონსულტაციებიც შეიძლებოდა ეკონომიკის კომიტეტთან, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაყენებაზეა საუბარი და ვფიქრობ, რომ მომავალში ამას გაითვალისწინებენ,“- განაცხადა კაკულიამ.
უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნულ საკადრო ცვლილებაზე განმარტებას პრემიერისგან ელოდება, რადგან ის დრო რომლის განმავლობაში ქობულიას მინისტრის პოსტი ეკავა, მისი საქმიანობის შესაფასებლად საკმარისი არ იყო.
„განმარტება უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი ან ის არ აღმოჩნდა, ვინც ეგონა იმას ვინც მოიყვანა და რაღაც კონკრეტული თემა უნდა დასახელდეს. 8 თვეში ეკონომიკური სასწაულის მოხდენას თავისთავად ვერ შეძლებდა. პრინციპში მე მისი მუშაობით პარლამენტთან ურთიერთობაში საპრეტენზიო ბევრი არაფერი მაქვს. ალბათ, საქმე გვაქვს მმართველობის თემაში არსებულ უთანხმოებასთან პრემიერ-მინისტრთან, ამიტომ, რაღაც განმარტება მისგან სავალდებულოა,“- განაცხადა კაკულიამ.
კაკულია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღებდნენ.
„ამინდის ცვლილებასაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ, მაგრამ პარტიის თავმჯდომარეა, ცხადია, არავის ექნება ილუზია, რომ მის გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი“,- აღნიშნა კაკულიამ.