ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათ სამედიცინო კვლევები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდებათ.
როგორც ,,ფორტუნას” კლინიკაში განუცხადეს, შეყვანილი ოთხი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. ორივე ქირურგიულ პალატაშია მოთავსებული.
,,ოთხი მოსწავლე იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით. ადგილზე ჩაუტარდათ სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული მანიპულაციები. ერთის რეფერირება უკვე მოხდა მრავალპროფილურ ჰოსპიტალში. მეორე წუთი-წუთზე გადაყავთ. რაც შეეხება დანარჩენ ორს, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა და ქირურგიულ პალატაში არიან მოთავსებული. მიმდინარეობს დიაგნოსტიკა”- გვითხრეს ქობულეთის რეფერალურ კლინიკაში.
ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ ქობულეთიდან, ქობულეთის მიმართულებით მოძრავი “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ქობულეთში ავარიას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა (ფოტო)
წინასწარი ინფორმაციით, მანქანას, რომელშიც 5 სკოლის მოსწავლე იჯდა, არასრულწლოვანი მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.