LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის სანაპირო ზოლი ტურისტული სეზონისთვის მოწესრიგდა

157

ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის სამუშაოების დასრულება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

„მსოფლიო ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2 კმ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, იმისთვის, რომ ტურისტული სეზონისთვის ზღვისპირა ზოლზე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულიყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით 1 მაისიდან სანაპიროს და ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.

ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები