პროკურორ ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრებმა ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მეუღლის განცხადების შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთეს.
ქირიას ძმის ელდარ ქირიას განცხადებით, “ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობენ”, თუმცა გარდაცვლილის ძმა კონკრეტულ ვერსიებზე არ საუბრობს.
“არ ვიცი. დღემდე ვერ გავიგე რა შეიძლება იყოს მიზეზი. მეტს ვერაფერს გეტყვით, თუ რამე სიახლე იქნება, გაგაგებინებთ”, – აღნიშნა ელდარ ქირიამ.
ვახტანგ ქირიას ძმის ცოლი რუსუდან პაჭკორია კი აცხადებს, რომ საქმეში ბიძინა კუჭავას გამოჩენა მოულოდნელი იყო, რამაც ოჯახის წევრები სრულიად დააბნია.
“შესაძლებელია ეს იყოს მორიგი სკანდალური ამბავი, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ეს არის დიდი ტრაგედია. დანარჩენი ყველაფერი არის ჭორი და ჭორაობა, რაშიც მონაწილეობას ვერ მივიღებთ. კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და ვართ სრულ გაურკვევლობაში. ვერანაირ დასკვნას ვერ ვაკეთებთ. მოტივი გვაინტერესებს, რა თქმა უნდა და გამოძიებისგან ველოდებით ჭეშმარიტების დადგენას. ოჯახის ყველა წევრი გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ. ჩვენ შესაძლოა, ცხედარიც არ გვყოლოდა დასატირებლად, ისე განვითარდა მოვლენები, ამიტომ, ველოდებით, რომ გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას”, – აღნიშნა პაჭკორიამ.
ის გამორიცხავს, რომ კუჭავას და ქირიას რაიმე საერთო ბიზნესი ჰქონოდათ, ან დაპირისპირება ყოფილიყო მათ შორის.
“შეუძლებელი იყო არ გაგვეგო კონფლიქტის ან დაპირისპირების შესახებ, თუმცა ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით, არ ვიცით”, – ვახტანგ ქირიას ძმის ცოლმა.
წყარო “ინტერპრესნიუსი”