გორის ქალთა კამერული გუნდი ქეთი მელუასთან ერთად უკვე მეორედ გამეგზავრა ევროპულ ტურნეში. ის ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა და კონცერტები, უდიდეს დარბაზებში, 37 ქალაქში გაიმართა, დაიწყო სკანდინავიური ქვეყნებით და დასრულდა ედინბურგით. ქართველი შემსრულებლები გამოდიოდნენ დარბაზებში, სადაც სხვადასხვა დროს მსოფლიო ვარსკვლავები გამოსულან. რეპერტუარში მცირე ცვლილება შევიდა. ორი წლის წინ გამართულმა ტურმა იმდენად გაამართლა, რომ წელს იმავე ალბომით მიიწვიეს.
თაკო ოქროპირიძე:
ხალხის რეაქცია იყო შესანიშნავი. ქეთის უამრავი ფანი ჰყავს, რომლებიც ჩვენი თაყვანისმცემლებიც გახდნენ. მოდიოდნენ თეონასთან, თითებით და ხელის მოძრაობით აღწედნენ მის დგომას სცენაზე, შემდეგ გუნდის შესრულებას პროფესიულად არჩევდნენ. კონცერტებს ესწრებოდნენ მუსიკის კრიტიკოსებიც, რომელთა აზრი ძალიან საინტერესო იყო. რასაკვირველია, იყვნენ ჩვეულებრივი მსმენელენიც, რომლებიც ემოციებს ჩახუტებით გამოხატავდნენ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მსმენელიც გახდნენ. მეგონა, მისი და ჩვენი მსმენელი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ძალიან ბევრი საერთო გადაკვეთის წერტილია. ჩვენ და ქეთიმ ერთმანეთს მოვუხდინეთ ხმები, ერთი ორგანიზმი ვიყავით…
იყო ტელეეთერებში სტუმრობა, გასული ტურნეს მსგავსად?
ახლა უფრო მკაცრი რეჟიმი გვქონდა და ამიტომ ვერ ვახერხებდით, ქეთი დადიოდა ხშირად.
ასევე ძალიან მცირე დრო გვქონდა ქალაქების დასათვალიერებლად, თითქმის ყოველ დღე გვქონდა კონცერტები. ყველას ჩვენი გზა და პროგრამა გვქონდა, მაგრამ ერთიანი გასვლებიც იყო. ქეთიმ რამდენიმე შეკრება მოგვიწყო. ლიონში ფართი მოგვიწყო, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, ბენდით დაწყებული, მზარეულებით დასრულებული. იმ დღეს, როცა კონცერტები არ იყო, ჩვენთან ერთად უყვარდა დროის გატარება, ქართული ლაპარაკის გაგონება უხარია.
რას ამბობდნენ თქვენი კონცერტების შემდეგ, უფრო კონკრეტულად?
ქეთი გვეუბნებოდა, ვინ შეგვაქო. ერთ კონცერტზე მადონას პროდიუსერი, უილიამ ორბიტი მოიწვიეს. მეორე კონცერტზე ედინბურგში უკვე საკუთარი სურვილით დაესწრო. ვიცოდი, სად იჯდა, ვხედავდი და მის სახეზე ემოციებსაც ვკითხულობდი. ადგილიდანაც დგებოდა და ხელებს შლიდა, როცა გვისმენდა.
თავად ქეთი იყო ძალიან კმაყოფილი და ყველა კონცერტის შემდეგ გვეუბნებოდა, რომ ეს კონცერტი წინას ჯობდა (იღიმის). აუდიტორია ჟივილ-ხივილის და ფეხების ბრახუნის გარეშე არ გვიშვიდა, მათ ასე იციან ემოციების გამოხატვა. აუცილებლად ვბრუნდებოდით ბისზე და კიდევ სამ სიმღერას ვასრულებდით.
ქართულს მღეროდით?
ქეთი მღეროდა სიმღერას „თუ ასე ტურფა იყავი“. ამით ხსნიდა ყველა კონცერტს.
წლევანდელ კონცერტზე წინა ტურნესგან განსხვავებული ის იყო, რომ მას ეკრანული გაფორმება ახლდა, ანიმაციური ვიდეოები. გარდა ამისა, რეპერტუარში იყო თეონა ცირამუას მიერ არანჟირებული სამღრებიც. ერთ-ერთის არანჟირებამ, რომელიც თეონამ შარშან გააკეთა, ბობ ჩილკოტის აღფრთოვანება დაიმსახურა. ბობი უკეთებს ქეთის ძირითადად არანჟირებებს და ბრწყინვალე მუსიკოსია. წელს, როცა ჩავედით, ქეთიმ თეონას ახალი სიმღერის არანჟირება სთხოვა, რომელსაც ბისზე ასრულებდა. ძალიან მაგარი შეფასება დაიმსახურა მსმენელის მხრიდან…
იქნება კიდევ ტურნე?
ჯერჯერობით ვერ გეტყვით.
ტურნეს განმავლობაში ავტობუსით გადაადგილდებოდით?
დიახ, ისეთი ავტობუსებით, სადაც ცხოვრება ბევრს მოუნდებოდა. ყველაფრით იყო აღჭურვილი, ზოგჯერ სასტუმროს დღეებიც გვქონდა, მაგრამ ძირითადად, ავტობუსში ვატარებდით დროს და როცა იქ არ ვიყავით, გვენატრებოდა. ქეთიც ჩვენთან ერთად გადაადგილდებოდა, ბენდის წევრებსა და მზარეულებთან ერთად.
მუსიკოსს იმ სამყაროში არაფრის კეთება არ უწევს, მას მხოლოდ ერთადერთი მოვალეობა აქვს, კარგად იმღეროს და შემდეგ წილად ხვდება შესანიშნავი მსმენელის აღიარება და შეფასება.
ქეთი აღნიშნავს, რომ ეს ტურნე მის კარიერაში ყველაზე გამორჩეული იყო. ყველა კონცერტზე გვაცხადებდა, როგორც საუკეთესო და განუყრელ მეგობრებს საქართველოდან. რამდენჯერ მოუწია ამ ტურნე ფარგლებში ამ სიტყვების თქმა… ეს ცოტა არ არის და ამას რომ მოჰყვება გულწრფელი და დამსახურებული აპლოდისმენტები, ძალიან სასიხარულო ამბავია…
ნინო მურღულია