ქართველი რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მომღერალ ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს მათი დუეტის ლიცენზია, რაც სიმღერის აღებას გულისხმობს.
რეპერის თქმით, ხსენებულის მიზეზად ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე დასახელდა.
ასევე პავლიაშვილის თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა მისი განცხადება ნანი ბრეგვაძის „დრაგ ბოლზე“ მიწვევასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ განცხადების შემდეგ, LGBT ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „რევანშით“ უპასუხეს:
„ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის დაკარგვა ალბათ არ ღირს.
ყურადსაღებია რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის “დრაგ ბოლზე” მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან “რევანშის” დრო იყო. ვფიქრობ სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია, არ იფიქროთ ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მით უმეტეს როცა მსმენელი მას ასე იყვარებს…
ეგ არაფერი, აქამდე არ შევუჩერებივარ არაფერს ამ გზაზე და არც ეს იქნება ბარიერი, რომელიც აზრს შემაცვლევინებს. ყველამ იცით რომ, მე არ ვდგავარ ადამიანების წინააღმდეგ ვინც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს. მე ვარ წინააღმდეგი პროპაგანდისა და იმ ორგანიზების რომლებიც, არა თუ ადამიანების უფლებებზე ფიქრობენ, არამედ ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ჩვენი ტრადიციებისა და დაუწერელი წესების შეცვლა, ყველაფერი დაიყვანონ პრიმიტიულ დონემდე და ეს ყველაფერი წარმოაჩინონ მათი სტანდარტებით, სადაც ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი ბნელი და აგრესორია, ხოლო ადამიანი რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა – თანამედროვე და ნათელ მხარეს დგომი.
ვიცი ბევრს “კეთილმოსურნეს” გაუხარდება ეს ამბავი, მაგრამ ეგ არაფერი, კიდევ უფრო ბევრნი არიან ადამიანები, რომლების გვერდში დგომასაც ვგრძნობ და მათ დაღალატებას არ ვაპირებ არც ერთი სიმღერის ფასად!!! მადლობა და მიყვარხართ”, – წერს გიორგი პავლიაშვილი.
ცნობისთვის, Drag Ball ქვიარ კულტურის ნაწილი და არტისტული პერფორმანსია, სადაც განსხვავებული სქესის, რასისა თუ ორიენტაციის ადამიანები იკრიბებიან. საქართველოში ის ბოლო რამდენიმე წელია იმართება და მისი მხარდამჭერი ორგანიზაცია თბილისი პრაიდია.
2023 წლის დეკემბერში დაგეგმილ Drag Ball-ზე ნანი ბრეგვაძეს უნდა ემღერა, თუმცა 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ის ღონისძიებას ვეღარ გახსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანი ბრეგვაძე ღონისძიებას არ დაესწრო, მან შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ „სიყვარული მაინც გაიმარჯვებს”.
საგულისხმოა, რომ რეპერისა და ქეთი მელუას ერთობლივი სიმღერა „თბილისი, ლონდონი“, youtube-ზე ამ დრომდე იძებნება.