გრეჰემ ნორტონის შოუ დიდ ბრიტანეთში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. წამყვანს სტუმრობენ მსოფლიო ვარსკვლავები და მასთან ერთად შესანიშნავ შოუს ქმნიან.
გადაცემის ახალ გამოშვებას უილ სმიტთან და ჰელენ მირენთან ერთად ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი სტუმრობდნენ. მათ თავიანთი შესრულებით ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
შემდეგ წამყვანმა ქეთი მცირე ინტერვიუსთვის მიიწვია. როგორც მომღერალმა აღნიშნა, გორის ქალთა გუნდი ლონდონში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა. ვინაიდან ისინი იქ პირველად იყვნენ, გადაწყვიტა, მთავარი ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ, თუმცა ყველაზე მეტად მათ მადამ ტუსოს მუზეუმში წასვლა სურდათ. ქეთი თავად არ გაჰყვა, თუმცა აღნიშნა, რომ მუზეუმი ძალიან მოეწონათ. “ისინი რამდენიმე დღის წინ საქართველოში უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ თქვენგან მივიღეთ შემოთავაზება და ეს შოუ ისეთი მაგარია, ვთხოვე რამდენიმე დღით დარჩენა. თან, როცა გავიგე, როგორი სტუმრები გეწვეოდნენ, ვუთხარი მათ, რომ ტუსოს მუზეუმის ნაცვლად აქ წამოსულიყვნენ, რადგან რეალურად ექნებოდათ იმ ვარსკვლავებთან შეხვედრის საშუალება, რომლებიც ტუსოს მუზეუმში “ნახეს”, – თქვა ქეთიმ.
მომღერალმა ასევე დასძინა, რომ ალბომი გორში ჩაწერა, სადაც სტალინი დაიბადა. ამაზე უილ სმიტს რეაქცია ჰქონდა და გაიხუმრა, რომ ჯორჯიას ხსენებისას სტალინი ყველაზე ნაკლებად შეიძლება გაგახსენდეს, უფრო მეტად კი ვთქვათ, ბაპტისტური გუნდი, რაზეც ქეთიმ მსახიობს ჰკითხა, ხომ იცის რომელ ჯორჯიაზე ლაპარაკობენ – “თქვენ ხომ იცით, სად არის საქართველო?”, კითხვაზე უილ სმიტმა უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, იცის და ეს მხოლოდ ამერიკული ხუმრობა იყო…
ნინო მურღულია