19 მაისს, ”რესპუბლიკის“ სივრცეში დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის ჩვენება გაიმართა. ქართველი დიზაინერი მალე საქმიანობას პარიზში გააგრძელებს, მანამდე კი ეს მისი ჯერჯერობით ბოლო თბილისური ჩვენებაა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.
კოლექცია, რომელიც თბილისელმა შემფასებელმა იხილა, მანამდე პარიზისა და მილანის შოურუმებში იყო წარმოდგენილი. როგორც „ფორტუნასთან“ ვრცელ ინტერვიუში დიზაინერმა განაცხადა, გულის თემამ მის ახალ კოლექციაშიც, ძველის მსგავსად, შეინარჩუნა აქტუალობა და წარმოადგინა გულის ფორმის აქსესუარები. კოლექციის აწყობაში მას კოლეგა და მეგობარი, თამუნა ინგოროყვა დაეხმარა.
ქეთი ჩხიკვაძეს სურდა, ეს ჩვენება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო და საზოგადოებაზე სწორედ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც თავად უნდოდა.
ახალ ნამუშევრებში ქსოვილების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, მათ შორის ტყავი, ხავერდი, ლეოპარდის პრინტი, ოქროსფერი მეტალი და ნაქსოვი ნაჭრები, ასევე ბეწვი, ლაკი, მოოქროვილი და მოვრცხლილი ღილები.
ქეთი ჩხიკვაძე:
ეს იყო 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. კოლექციის ინსპირაცია იყო ზოგადად, სიყვარული, აქედან გამომდინარე, ნიუანსები და დეტალები, რაც აქსესუარებში შეგხვდებათ.
კოლექციის მთავარი ქალი გლამურულია, აქ არის ქალური სილუეტი, სპორტული ელემენტებით, კოლექციაში ნახავთ მოხდენილ კაბებს, რომლებიც საღამოს გარდა, ყოველდღიურადაც შეგიძლიათ ჩაიცვათ.
ფერადი ქსოვილებიც მაქვს გამოყენებული და შავ-თეთრი გამაც. აქცენტი გაკეთდა ნეონის ფერებზეც, ქამრებსა და თასმებშიც. ეს ყველაფერი ქმნიდა იმ ტენდენციებს, რაც 2020 წელს იქნება აქტუალური.
ჩემ გვერდით იყო უამრავი ქართველი დიზაინერი, ჩემი მეგობრები, რომელთაც უღრმეს მადლობას ვეტყვი. მათ გარეშე ასეთი დახვეწილი ჩვენება ვერ შედგებოდა.
პარიზში სექტემბრიდან გადავდივარ. მომიწევს რამდენიმე სეზონის გამოტოვება თბილისში. უნდა გავაგრძელო იქაურ მოდის კვირეულებში მონაწილეობის მიღება. პარიზში უკვე გაიმართა ჩემი ორი ჩვენება.