LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ბოჭორიშვილი: ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა

187

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, პროგრამა ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 205 საწარმოს მხარდაჭერა მოხდა.

ამის შესახებ მან პროგრამის ფარგლებში გადაიარაღებული საწარმოების დათვალიერებისას განაცხადა.

”ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 10,000- ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი და 440 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„აწარმოე საქართველოში”  პროგრამის განხორციელება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა 2014 წლის ივნისიდან დაიწყეს. პროგრამა მიზნად ისახავს  მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

პროგრამა ოთხ კომპონენტს აერთიანებს, რომელთა განხორციელებასაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები უზრუნველყოფენ:

  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება ხორციელდება, როგორც სასოფლო სამეურნეო (სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო) , ისე ინდუსტრიული მიმართულებით (სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო)
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ხორციელდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ
  • პროგრამა „აწარმოე საქართველოში”-ს განმახორციელებელი პარტნიორები ბენეფიციარებს ასევე სთავაზობენ საკონსულტაციო მომსახურებას კომპანიის საწარმოო პროცესების დახვეწისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით
  • სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.