ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქალი, ქენდი დალფერი (Candy Dulfer) 12 ნოემბერს, ევროპული ტურნეს ფარგლებში, რომელიც 2016 წელს აქვს დაგეგმილი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაუკრავს. ის თბილისის ჯაზფესტივალის სტუმარი იქნება, პიანისტ ჯეიმი კალუმთან და ჯაზმომღერალ გრეგორი პორტერთან ერთად. ჯერჯერობით ამ სამი მუსიკოსის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც ნოემბერში ჯაზფესტივალის მსმენელის წინაშე წარდგებიან, თუმცა დაგვეთანხმებით, უკვე საკმაოდ მსუყე პროგრამაა.
ეს სიახლე მუსიკოსმა გუშინ თავად გაუზიარა საკუთარი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდის მომხმარებლებს. ჯაზისა და ფანქის შემსრულებელი ამჟამად ამერიკასა და ევროპაში ტურნეს მართავს და თბილისიც შევიდა ამ ტურნეში.
ქენდი დალფერის სადებიუტო ალბომი „Sexuality“ 1990 წელს გამოვიდა და მუსიკოსს „გრემის“ ნომინაცია მოაპოვებინა. საქსოფონზე დაკვრა და სიმღერა დალფერმა ექვსი წლის ასაკში დაიწყო. 14 წლისამ ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდი, გამოცემული აქვს ცხრა სტუდიური ალბომი, ორი ლაივ-ალბომი, მას უმუშავია და ჰქონია პერფორმანსები ცნობილ მუსიკოსებთან ერთად – პრინცი, დეივ სტიუარტი, ვან მორისონი, მასეო პარკერი, „პინქ ფლოიდი“, ალან პარსონსი. დეივ სტიუარტთან ერთად დალფერმა ჩაწერა ცნობილი ჰიტი „Lily Was Here“, რომელიც ქართველი მსმენელისთვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი და მას სახელი მსოფლიოში გაუთქვა.
2013 წელს ქენდი დალფერი გახდა „იქს ფაქტორის“ ჰოლანდიური ვერსიის მწვრთნელი. მიჰყავდა სატელევიზიო გადაცემა „Candy Meets…“, რომელშიც ცნობილი მუსიკოსებისგან ინტერვიუებს იღებდა.
ქენდი დალფერის ლაივ-კონცერტები გამორჩეულია. მას ყოველთვის საუკეთესო ბენდი და ბექვოკალისტები ჰყავს და გამორჩეულ პროგრამას ასრულებს. წელს ახალ ალბომზე მუშაობს, თუმცა ტურნეში მსმენელისთვის ნაცნობი პროგრამით დადის და თბილისშიც სწორედ ამ პროგრამით წარდგება.
ქენდი დალფერი 1981 წლიდან დგას სცენაზე და ნებისმიერი ჯაზფესტივალის სასურველი სტუმარია. ასე რომ, თბილისში მისი ძალიან საინტერესო პერფორმანსი გველოდება!..
ნინო მურღულია