ბორტზე COVID-19–ის გავრცელების პრევენციისთვის ,,ყატარის ავიახაზები” მგზავრებს პირბადესთან ერთად ფარების ტარებასაც მოსთხოვს.
აღნიშნულ ფარებს ავიაკომპანია მომხმარებლებს ბორტზე ასვლის წინ თავადვე გადასცემს. კომპლექტში იქნება ასევე ერთი ცალი ერთჯერადი პირბადე, ხელთათმანი და სანიტაიზერი.
ბავშვებს,,ყატარის ავიახაზები” პატარა ზომის ნიღბებს დაურიგებს, 2 წლამდე ასაკის მგზავრებს კი დამცავი საშუალებების ტარება საერთოდ არ სჭირდებათ.
„კორონავირუსის პანდემიის პირობებში მგზავრების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ბორტზე დამატებითი ჰიგიენური რეგულაციების განხორციელებით ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ დანიშნულების ადგილისკენ მშვიდად გაფრინდნენ,“ – განაცხადა ,,ყატარის ავიახაზების” დირექტორმა აკბარ ალ ბეკერმა და ისიც დაამატა, რომ უსაფრთხოების ნორმებზე ისინი მომავალშიც აქტიურად იზრუნებენ, რათა მათმა მომხმარებლებმა მშვიდად მოგზაურობა შეძლონ.
მგზავრებს პირბადისა და ფარის ტარება მთელი ფრენის განმავლობაში მოუწევთ და ერთადერთი გამონაკლისი საკვების ან სასმელის მიღების დროა.
დამცავი საშუალებებით იქნებიან აღჭურვილი ასევე ბორტის წევრები და მთელი სალონი ყველა რეისის წინ სრულ დეზინფექციას გაივლის.
აღსანიშნავია, რომ მგზავრებს დამცავი საშუალებების ტარებას სხვა ავიაკომპანიებიც მოსთხოვენ, ასე რომ ,,ყატარის ავიახაზები” გამონაკლისი ნამდვილად არ არის.