სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ხილის წარმოების ჯაჭვის გაუმჯობესება“ ფარგლებში, ქართველმა ფერმერებმა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტში მეხილეობის დარგში ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს.
აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოში მეხილე ფერმერებისთვის სასწავლო კურსის გავლას ითვალისწინებს, რომლის პირველი ეტაპიც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე განხორციელდა.
სასწავლო კურსის მონაწილეები ვაგენინგენის უნივერსიტეტში ხილის მოყვანის მიმართულებით არსებულ მსოფლიო გამოცდილებას და თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნენ; ინტენსიური ბაღის გაშენება-მოვლის მეთოდების, ნიადაგის დამუშავების, ხეხილის ახალი ჯიშების, სხვლა-ფორმირებისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით პრაქტიკული სწავლება გაიარეს და სალექციო კურსი მოისმინეს.
სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტის რანდვიკის მეხილეობის სადგური, სანერგეები და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს; გაეცნენ მაღალხარისხიანი უვირუსო ნერგისა და საძირეების წარმოების ახალ მიდგომებს, ხილის კრეფის, დახარისხებისა და პირველადი სასაქონლო დამუშავების ხერხებს, ასევე შენახვის თანამედროვე სამაცივრო სისტემებსა და მეთოდებს.