LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ (VIDEO)

64

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ალექსევკის აეროპორტში დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის ელჩმა სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. სამშობლოში დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის აეროდრომში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა, ასევე თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირები დახვდნენ.

52-ე ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იყვნენ ჩართულნი. ეროვნული გვარდიის ოცეული “ბაგრამის საავიაციო ბაზის” სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. 52-ე ბატალიონის მთავარი ამოცანა კი, „ბაგრამის საავიაციო ბაზის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. რაც შეეხება 42-ე ბატალიონის ალფა ასეულს, ის სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. 42-ე ბატალიონის „ალფა” ასეული ავღანეთში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის დაცვა იყო.