გიორგი მიქაძე „ბლექ სი არენაზე“ 4 აგვისტოს საკუთარ პროექტს „ვოისა“ წარმოადგენს, რომელშიც, შესანიშნავ პიანისტთან ერთად, მონაწილეობენ მუსიკოსები აშშ-დან, ასევე ანსამბლი „ბასიანი“.
გიორგი თბილისში მცირე ხნით ჩამოვიდა და რადიო „ფორტუნას“ ინტერვიუ მისცა, სადაც „ვოისას“ და მოსალოდნელი კონცერტის, ასევე ჩინური პოპის მეფედ აღიარებულ ლიჰომ ვანგთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
გიორგი მიქაძე:
ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც დაიგეგმა „ვოისას“ კონცერტი. „ვოისა“ შედგა, მაგრამ არა საქართველოში, არამედ პეკინში, სადაც მსმენელმა ძალიან მაგრად მიიღო. იქ აპირებენ ტურის სახით კონცერტების გამეორებას. რადგან ეს პროექტი გავაკეთე, პირველ რიგში, მინდოდა, რომ ქართველ მსმენელს მოესმინა, რადგან ეს არის თანამედროვე ქართული მუსიკა. ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელთაც თანამედროვე ჟანრებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, „ვოისასთვის“ საკმაოდ საინტერესო ჟღერადობა შევქმენით. ვაპირებთ, დავდგათ საინტერესო შოუ, ხმისა თუ განათების მხრივ და გამოვიყენებთ „ბლექ სი არენას“ ტექნიკურ შესაძლებლობებს. ეს არის პროექტი, პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვის, რადგან აგებულია ისეთ ჟანრებზე, რომლებსაც ისინი განსაკუთრებით აქტიურად უსმენენ. „ვოისა“-ში დიდი აქცენტია ჰიპ-ჰოპზე. ჩამოდის ჩემი მეგობარი, რაიან ისთერი, ის იქნება შოუს მთავარი ემსი, რეპერი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც ხელში აიყვანს მსმენელს.
ქართველ რეპერებსაც ხომ არ ჩართავდი?
არ მიფიქრია, მაგრამ ამ იდეაზე აუცილებლად დავფიქრდები. მე ვცხოვრობ აშშ-ში. როცა ინგლისურად არის ტექსტი, ყველასთან მიგიწვდება ხმა. ერთ-ერთი კომპოზიცია არის აფხაზურ თემაზე, ის მშვიდობასა და მეგობრობაზეა. მე არასდროს ვეხები პოლიტიკას, რადგან მუსიკოსმა მუსიკა უნდა შექმნას, თუმცა თუკი შეიძლება მუსიკალური გზით ნაბიჯების გადადგმა, რატომაც არა…
გვიამბე საინტერესო გამოცდილებაზე, რომელსაც ჩინური პოპის მეფესთან მუშაობისას იღებ მრავალათასიან არენებზე გამოსვლისას…
ბერკლის სასწავლებელი დავამთავრე, რომელიც ვანგმა დიდი ხნის წინ დაამთავრა. რამდენიმეჯერ მისი სიმღერებიც შეასრულეს იქ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის სამწლიან ტურნეში მივიღებდი მონაწილეობას. დიდ სცენებზე გამოსვლები მქონია, მაგრამ აქ მრავალათასიან არენებზეა საუბარია, აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. მას ჰყავს უამრავი მსმენელი, ყველამ იცის მისი სიმღერები და საოცარი შეგრძნებაა, როცა ხედავ მთელ მომღერალ დარბაზს… აზიის ტურის შემდეგ მსოფლიო ტური დაიწყება. გვაქვს კონცერტები აშშ-ში, იქ, სადაც მანდარინზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს. საინტერესოა გარემო, სხვა მსმენელი, მათთან შეხებით უამრავ ახალს ვსწავლობ.
შენ უნივერსალური მუსიკოსი ხარ, მაგრამ პოპმუსიკასთან შეხება როგორია?
მე ასე ვუყურებ , როგორც დიუკ ელინგტონმა თქვა, „არის კარგი მუსიკა და არის სხვა მუსიკა“. აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ჟანრის მუსიკასთან მაქვს შეხება. მნიშვნელოვანია მისი ხარისხი. მაგალითად, ახლა ძალიან მოდურია ელექტრონული მუსიკა, სადაც ძალიან დიდი არტისტები მუშაობენ, ისინი განათლებული ადამიანები არიან, ქმნიან ღირებულს და აღარ აქვს მნიშვნელობა ჟანრს.
მაქვს საკუთარი პროექტები, ერთი არის დაკავშირებული ქართულ ცნობილ მელოდიებთან. რატომაც არ უნდა დაუკრა ამერიკული ჯაზსტანდარტის მაგივრად, ქართული კომპოზიცია? ასევე მაქვს „ქართული ოვერტონები“, ამ პროექტის პრეზენტაცია შედგა გერმანიაში, სადაც ხუთი წუთის განმავლობაში აპლოდისმენტები არ წყდებოდა, მით უმეტეს, ფეხზე წამომდგარი ტაშის დაკვრა გერმანელ მსმენელს ასე ადვილად არ შეუძლია (იღიმის).
ამჟამად ლოს ანჯელესში ცხოვრობ?
დიახ. საქართველოში ვერ ვბრუნდები, რადგან იქ ძალიან ბევრი რამ ხდება, იქ მაქვს ცხოვრება. კინომუსიკის დაწერაზეც მივიღე შეთავაზება. დღეს უფრო უნივერსალური მუსიკოსების დრო და სხვათა შორის, ძალიან ბევრნი არიან, განსაკუთრებით, ლოს ანჯელესში. იქიდან იმართება მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია, ყველა ცნობილი ლეიბლის მთავარი ოფისი იქ არის, ბევრ კარგ მუსიკოსთან მაქვს შეხვედრები და ურთიერთობები, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩემი ლოს ანჯელესში ცხოვრება.
გიორგი, ალბათ, როცა საქართველოში ჩამოდიხარ, ცვლილებებს უფრო ადვილად ატყობ. ქართველი მსმენელის გემოვნება უკეთესობისკენ შეიცვალა თუ უარესობისკენ?
ვერ ვიტყვი, რომ უარესობისკენ შეიცვალა. დღეს „იუთუბის“ ერაში ვცხოვრობ და ყველანაირი მუსიკის მოსმენა შეგიძლია. მგონია, უფრო დაიხვეწა გემოვნება და განსაკუთრებით, ელექტრონული მუსიკის მიმართულებით. საქართველოს ბოლო პერიოდში ბევრი კარგი არტისტი ეწვია.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ვისურვებდი, ადამიანებს მეტი საშუალება ჰქონდეთ, გაემგზავრონ საზღვრებს გარეთ და მიიღონ ის. მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, უნდა იცოდე ის ენა, რომელსაც თანამედროვე მუსიკოსები იყენებენ. ვინც ახერხებს წასვლას, დიდ წარმატებას აღწევენ, მინდა, კიდევ უფრო მეტმა შეძლოს ეს.
რა არის შენი პროგრამა მაქსიმუმი?
ერთი რამ, რაც აშშ-ში ცხოვრებამ მასწავლა, არის ორი ტიპის გეგმის დასახვა – მოკლე და გრძელვადიანი. 4 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, როცა ბერკლის ვამთავრებდი, რომ ასეთ ტურზე მოვხვდებოდი. სულ მაქვს სურვილი, შევქმნა შოუ, რომელიც მთელ მსოფლიოს მოივლიდა და იქნებოდა საქართველოს სავიზიტო ბარათი, საქართველოს ისტორია, ქართული ცეკვა და სიმღერა. ადამიანებს სჭირდებათ შოუ. დღეს ინტერნეტის ერაა, მაგრამ მსმენელს მაინც სურს არტისტის ნახვა და ცოცხალი შესრულების ემოციის განცდა. არტისტისთვისაც ძალიან დასამახსოვრებელია. ალბათ, ლიჰომი როცა ხედავს, როგორ მღერის მთელი დარბაზი მის სიმღერას, რომელიც 15 წლის წინ დაწერა. ეს მეც მაძლევს სტიმულს, იქნებ, დავწერო ისეთი მელოდიები, რომლებიც ხალხს დარჩება (იღიმის). რაღაცები, რაზეც ადრე ვფიქრობდი, ამიხდა. ახლა სურვილები იცვლება. სადაც ჩავდივარ, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ნაკლებად აქვთ. ახლა ძალიან მინდა, რომ როცა ახალ ქვეყანაში ჩავალ, იცოდნენ ისიც, საიდან ვარ და მუსიკაც მოსმენილი ჰქონდეთ (იღიმის).
ნინო მურღულია