საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა:
„ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უკვე მეშვიდედ ვმონაწილეობთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ამჯერად, პიონჩანგში ოთხი სპორტსმენით წარვსდგებით. ჩვენს გუნდში არიან გამოცდილებიც და ახალბედებიც. მაგალითად, იასონ აბრამაშვილისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიადა, ნინო წიკლაურისთვის – მესამე. რაც შეეხება მორის ყვითელაშვილს და გიორგი სოღოიანს, ისინი თამაშების დებიუტანტები არიან. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოლიმპიელები კორეაში შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ,” – განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.
შემდეგ გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აკრედიტაციები გადასცა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციის წევრებს.