LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მეწარმეები გერმანიაში უფასო სასწავლო კურსებს გაივლიან

130

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით მენეჯერთა გადამზადების პროგრამას გეგმავს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სასწავლო კურსი, ესტუმრონ გერმანულ კომპანიებს და ამავდროულად ჩანიშნონ ინდივიდუალური („B2B“) შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

სამინისტროს განმარტებით, პროგრამის „Fit For Partnership“ ძირითადი მიზნებია: გერმანიის ბიზნეს-მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა; საერთაშორისო ურთიერთობების უნარების განვითარება; საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების უნარების განვითარება; გერმანულ კომპანიებთან კავშირების დამყარება; პოტენციური ბიზნეს-ურთიერთობების განვითარება.

”ამასთანავე, სასწავლო კურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCTFA) შესახებ. აღნიშნული კურსი კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე”, – განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებმა, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე.

”პროგრამა, რომელიც ჩატარდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 20-30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა კი შეზღუდულია”, – განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ სააგენტოს მომსახურების ცენტრის ნომერზე: +995 32 2 96 00 10

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები