LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მძღოლების მოფიქრებული მაქინაცია – ტექდათვალიერებისთვის ნათხოვარი ავტონაწილები

სახელმწიფოს მიერ წამოწყებული ტექინსპექტირების მასშტაბური რეფორმა ქართველი მძღოლების მიერ მოფიქრებული მექანიზმით ჩავარდნის საფრთხის წინაშეა.

ნათხოვარი ავტონაწილები – ტექდათვალიერებისგან მარტივად თავის დაძვრენის გზა ავტომფლობელებში საკმაოდ პოპულარულია. ტექინსპექტირების მანიპულაციებით გავლის მექანიზმი ავტოექსპერტებისთვისაც ცნობილია და უკვე შეფასდა სერიოზულ გამოწვევად, რომელიც აზრს უკარგავს რეფორმას.

საქართველოში ტექდათვალიერება პირველი იანვრიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ტექნიკურ ინსპექტირებას სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები გადიან. ტექდათვალიერებისას ავტომობლი შვიდ მთავრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. მოწმდება რა მდგომარეობაშია მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები, გამონაბოლქვი და საბურავები.

ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების მიუხედავად, თბილისში და რეგიონებში ტრანსპორტი მძაფრი გამონაბოლქვით იშვიათობას არ წარმოადგენს. სოცილურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ გაუმართავი ავტომობილის ან ავტობუსის შემჩნევისას 112-ს უკავშირდებიან და ხშირად პასუხი გამაოგნებელია. ავტომობილს, რომელიც გარემოს აკვამლიანებს, ტექნიკური ინსპექტირება გავლილი აქვს.

 

 

ქართველი მძღოლების მოფიქრებული მაქინაცია

 

როგორ ახერხებს მანქანის მფლობელი გაუმართავი ავტომობილით ტექდათვალიერების გავლას?! – სქემა მარტივია და ამაზე მძღოლები ღიად საუბრობენ. ავტომფლობელები ინსპექტირებამდე კატალიზატორებს და ახალ საბურავებს დროებით სხვისგან ითხოვებენ და რეგისტარციის გავლის შემდეგ მფლობელს უბრუნებენ.

ნათხოვარ ავტონაწილებზე არსებული ინფორმაცია, სიმართლესთან რომ ახლოს არის „ფორტუნას“ ავტოექსპერტი დემურ აფციაურიც უდასტურებს. მისი თქმით, კატალიზატორის ერთი მანქანიდან მეორეზე დამონტაჟებას ნახევარი საათი ჭირდება და სრულიად შესაძლებელია ასე გადიოდნენ მანქანები ტექდათვალიერებას.
„კატალიტური გარდამქმნელი მავნე ნივთიერებებს არამავნე ნივთიერებებად გარდაქმნის, ერთი მანქანიდან მეორე მანქანაზე მის დაყენებას  30 წუთი სჭირდება, სრულიად შესაძლებელია ასე გაიაროს მანქანამ ტექდათვალიერება, შემდეგ მოხსნას კატალიზატორი და იაროს ქალაქში, მაკონტროლებელი მექანიზმის გარეშე, რომელიც სასურველია საპარტულო პოლიციის ფუნქციებს დაემატოს, ტექდათვალიერება აზრს კარგავს,“ – ამბობს დემურ აფციაური „ფორტუნასთან“.
ტექნიკური ისპექტირებისთვის კიდევ ერთი გამოწვევა, დაბალი საჯარიმო გადასახადია. მანქანის ტექნიკური გამართვა იმაზე ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე ერთჯერადი ჯარიმა ითვალისწინებს. იგივე კატალიზატორების ფასი მინიმალური 200 ლარიდან იწყება, ახალი საბურავების, ახალი სამუხრუჭე ხუნდების და თავად ტექდათვალიერების საფასურის გადახდას ავტომფლობელების ნაწილი ჯარიმის გადახდას ამჯობინებს.

შს სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან 24 მაისამდე ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისთვის 2280 მძღოლი დაჯარიმდა, მათგან 213 თბილისში.

 

რეფორმის დისკრედიტაცია და ჩავარდნის საფრთხე

 

 

 

რეფორმის დისკრედიტაცია და ჩავარდნის საფრთხე – ქართველი მძღოლების მიერ მოფიქრებულ უკანონო მანიპულაციებს სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი.
„ისეთი რამ შეიძლება მოიფიქრონ ქართველმა მძღოლებმა, ცალკე სამსჯელო თემაა. რეფორმის პარალელურად ის მანიპულაციები, რომელსაც აქვს ადგილი, ერთის მხრივ, არის თავის დაძვრენა ტექინსპექტირებისგან და მეორეს მხრივ, მთლიანად რეფორმის დისკრედიტაცია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს და აზრს უკარგავს მთელ პროცესს.

თუ ეს მაქინაციები იციან მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებმა, ავტოპარკის საკმაოდ დიდ მასასთან გვაქვს საქმე. ინსპექტირების გავლის შემდეგ ქუჩაში გადაამოწმოს პატრულმა მანქანის ტექნიკური გამართულობა, საკმაოდ რთული პროცესია, მე დღეს არ მაქვს პასუხი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას, ამიტომ  ხელისუფლებასთან ერთად მოსაფიქრებელია მექანიზმი, როგორ შეიძლება ამ გამოწვევასთან ბრძოლა,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი „ფორტუნასთან“.

ავტომანქანების ტექნიკური ისპექტირების პროცესი ეკონომიკის სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ მიმდინარეობს. უწყებამ „ფორტუნას“ კითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხა.

მძღოლების მიერ მოფიქრებული მექანიზმი, იყო თუ არა ტექინსპექტირების პროცესის ხარვეზი სამინისტროს განმარტებით;ინსპექტირების გავლა არ ნიშნავს იმას, რომ ინსპექტირებიდან 1 თვის შემდეგ, ავტომობილს თუ რაიმე ინციდენტი მოუვიდა და შედეგად დაზიანდა, ინსპექტირება ცუდად აქვს გავლილი. პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრება მძღოლს, რომელიც ვალდებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება ქონდეს მუდმივად გამართულ მდგომარეობაში.“

სამინისტროში არ აკონკრეტებენ რა ტიპის პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც მონიტორინგის მექანიზმი არ არსებობს.

რაც შეეხება კატალიზატორების საკითხს, სამინისტროს განმარტებით, „კატალიზატორი არსებული კანონმდებლობით, გარდამავალ პერიოდში არ მოეთხოვებათ ავტომფლობელებს, მაგრამ ნაცვლად ამისა, დაწესებულია გამონაბოლქვის ნორმა ევროდირექტივის შესაბამისად,“- აღნიშნულია უწყების მიერ “ფორტუნასთვის” მოწოდებულ პასუხში.

ის, რომ კატალიზატორების ქონის ვალდებულება არ გააჩნიათ, ეს მძღოლებმაც იციან. თუმცა, სწორედ გამონაბოლქვის ამ ნორმის დროებით დასარეგულირებლად იყენებენ ავტომფლობელები კატალიზატორებს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ფორტუნასთვის მოწიდებული ინფორმაცის მიხედვით ამ ეტაპზე წარმოდგენილია ცვლილების პროექტი, რომლის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით პირველად რეგისტრაციას გაივლიან, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან, სავალდებულო იქნება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში“.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები