25 წლის კალათბურთელი გიგა კვეტენაძე, რომელიც სოხუმის გუნდის მოთამაშე გახლავთ, 22 წლის ნათია თოდუაზე 26 სექტემბერს დაქორწინდა. ნათიამ ახლახან დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, მუშაობს ერთ-ერთ კლინიკაში, გიგა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სპორტსმენია.
წყვილის ფოტოებმა, რომელშიც „მთავარ როლს“ კალათბურთის ბურთი „ასრულებს“, სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოტოები პატარძალმა ექსკლუზიურად ჩვენს საიტს მიაწოდა და რამდენიმე შეკითხვაზეც გვიპასუხა.
ნათია თოდუა:
გიგა 2012 წლის 22 ოქტომბერს გავიცანი. საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი. შემდეგ შემთხვევით შევხვდით რამდენჯერმე და მას მერე გამოიჩინა ჩემთან ურთიერთობაში ინიციატივა (იღიმის). ასევე შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ორივე ერთ სავარჯიშო დარბაზში დავდიოდით. აქედან ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა.
თქვენი ქორწილის ფოტოები ძალიან ორიგინალური გამოვიდა. ქორწილიც ასეთივე იყო?
გიგამ ხელი 9 ნოემბერს მთხოვა, მაგრამ ხელის თხოვნასაც ვერ დავარქმევ. პირდაპირ დამისვა საკითხი, როდის გირჩევნია ნიშნობა, ახალ წლამდე თუ მერეო.
გადავწყვიტეთ ქორწილი, ჩემი სახელმწიფო გამოცდის გამო, გადაგვეტანა. სამზადისი კი ცოტა გვიან დავიწყეთ. ვიარეთ ქართულის ცეკვაზე, მე პირველად ვიცეკვე, გიგა 11 წელი დადიოდა. დავდგით ერთი ფლეშმობიც, რომელიც არ გამოვიდოდა, რომ არა მოცეკვავე ირაკლი ფიფია. ვიმეცადინეთ სიმღერაშიც. ვიმღერეთ სიუზი კვადროსა და კრის ნორმანის ცნობილი დუეტი. გიგა ისეთი საყვარელია, წინააღმდეგობა არაფერში გაუწევია, მორჩილად მონაწილეობდა ყველაფერში და ძალიან მონდომებული იყო (იღიმის).
შენ ორი საპატარძლო კაბა გეცვა…
დიახ და ჩემს და გიგას ჩაცმულობაზეც დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ იზრუნა.
წყვილი ახლახან დაბრუნდა საქორწინო მოგზაურობიდან, რომელიც საბერძნეთში, სანტორინიზე გაატარა. გიგასა და ნათიას ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებთ.