“ფეისბუქის” მომხმარებელი თეკლა კალანდაძე, სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიაზე წერს.
როგორც ის ყვება, N54 ავტობუსის მძღოლს, მთელ მარშრუტზე ერთი ძაღლი აცილებს, ერთგულების ნიშნად.
თეკლა განმარტავს, რომ მძღოლი მას კვებავს და ეფერება, ძაღლი კი მას მეგობრად თვლის.
თეკლა კალანდაძე, ამ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს.
“მოგიყვეთ საოცრება ერთგულებაზე, სიყვარულზე, თავგანწირვაზე?
ასეთ რამეებს ხომ ძალიან ვართ გადაჩვეულები დღეს, ყოველდღიურ ცივსისხლიან, პრაგმატულ გარემოში….არ დაიზაროთ, ჩაიკითხეთ ბოლომდე… არ ინანებთ…
N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან იწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ, იგი ჟვანიას მოედანზე უხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ასრულებს.
ამ მორბენალ საოცრებას ხომ ხედავთ? მძღოლს აცილებს… დიახ, სწორად მიხვდით, A საწყისიდან B სასრულამდე ფეხით მისდევს ავტობუსს. რატომ? იმიტომ, რომ მძღოლი კვებავს, ეფერება და ისიც, ოთხფეხი, “პირუტყვი”, მის მეგობრად თვლის თავს… არ გეგონოთ, იტანჯება. პირიქით! ერთ-ერთ გაჩერებაზე უცებ ჩავირბინე და საშინლად დაქანცული ავტობუსში ამოვიყვანე. ძლივს სუნთქავდა, მაგრამ უბედნიერესი იყო! კუდს აქიცინებდა, ყველას შესციცინებდა, მძღოლს განსაკუთრებით… არ გაჩერდა, გაიღო თუ არა გაჩერებაზე კარები, იმ წუთასვე ქვემოთ ჩაირბინა და მოემზადა მორიგი სტარტისთვის! კარის დაკეტვა და მისი ადგილიდან მოწყდომაც ერთი იყო… მე გავოგნდი და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია”- წერს თეკლა კალანდაძე.