LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან: პაპუაშვილი არ ამბობს, ვინ არის “ჩინოსანი”, რომელმაც აშშ-ს “დამახინჯებული ინფორმაცია” მიაწოდა

126
შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ ამ შემთხვევაში თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენს პარტნიორებს, მათ იერარქიას. არ გვინდა რაიმე რეპუტაციული ზიანი მათ მივაყენოთ.” – ასე უპასუხა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” მმართველი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ ვის ადანაშაულებს მმართველი პარტია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაში.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია – „ქართული ოცნება“ აშშ-ს პასუხობს

მისი განცხადებით, აქ ქართველი ჩინოსანი აქ არ იგულისხმება და ფიქრობენ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა:

” ჩვენ ამ შემთხვევაში თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენს პარტნიორებს, მათ იერარქიას. არ გვინდა რაიმე რეპუტაციული ზიანი მათ მივაყენოთ. ამიტომ არ ვკონკრეტდებით, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, იქნება ეს ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ნიკა მელია როგორ უდიერად მოიხსენიებენ სხვადასხვა პარტნიორებს.

ვიმეორებ, ქართველი ჩინოსანი აქ არ იგულისხმება. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა.” – თქვა მან.

პაპუაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და თქვა, რომ შეთანხმებაში წერია, რომ უნდა დაპაუზდეს მიმდინარე პროცესი, შეიცვალოს კანონი, ხელახლა გაიხსნას და დასრულდეს, რაც სიტყვასიტყვით შესრულდა:

“19 აპრილის შეთანხმებაში სასამართლოზე არის ორი საკითხი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოს რეფორმა, რა ორი სხვადასხვა საკითხია. სასამართლოს რეფორმის ნაწილში ეს არის ერთწლიანი პროცესი, რაც 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას აქ საუბარია ერთ რამეზე, რომ არჩევის პროცედურა არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ შეთანხმებაში წერია, რომ უნდა დაპაუზდეს მიმდინარე პროცესი, შეიცვალოს კანონი, ხელახლა გაიხსნას და დასრულდეს, რაც სიტყვასიტყვით შესრულდა.

მარტში პროცესი დაპაუზდა, აპრილში კანონი მივიღეთ, გაგრძელდა პროცესი და დავნიშნეთ მოსამართლეები. სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა? აქ არის დაუკავშირებელი საკითხების დაკავშირების პრობლემა. სწორედ ამიტომაც გვაქვს ეჭვი, რომ დამახინჯებით მიდის ინფორმაცია. ამბიციური სასამართლო რეფორმის ვადები გაწერილია 2022 წლის გაზაფხულამდე. 28 მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში და ბოლო დანიშვნებამდე 16 მოსამართლე იყო დარჩენილი და ეს უნდა შევსებულიყო.” – ამბობს უმრავლესობის წევრი.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მმართველი გუნდი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს, პაპუაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელი ბათუმში სხვა მიზეზით ჩამოდის:

“რაც შეეხება შარლ მიშელის ვიზიტს, აბსოლუტურად სხვა კონტექსტშია. იცით, რომ ბათუმში იმართება საერთაშორისო კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების. მეორეს მხრივ, მას განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოსთან 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე და ესეც თემატიზირებული იქნება მისი მხრიდან.” – თქვა მან.

შეგახსენებთ, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებმა ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელეს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია.