პოპულარულმა ბულგარულმა ტელეკომპანია Bulgaria ON AIR-მა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი 11-წუთიანი რეპორტაჟი მოამზადა. გადაცემაში საქართველოს შესახებ მოგზაურმა ჟურნალისტმა ვლადინა ცეკოვამ ისაუბრა. მისი თქმით, ბულგარეთმა საქართველოსგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.
„ქართველები ძალიან კარგ რეკლამას უკეთებენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ მათგან უნდა ავიღოთ მაგალითი. საქართველო ჩვენზე პატარა ქვეყანაა, სადაც შერწყმულია ისტორია, წესები და ტრადიციები, მე გაოცებული დავრჩი, რადგან საქართველო საკმაოდ თანამედროვე სახელმწიფოა“, – აცხადებს ვლადინა ცეკოვა.
ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ბულგარელმა ჟურნალისტებმა საქართველოში 1 თვის წინ იმოგზაურეს.
პრესტური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა. ბულგარეთის მაღალ რეიტინგულმა ტელეკომპანიებმა და გამოცემებმა საქართველოს შესახებ სიუჟეტები და სტატიები მოამზადეს.