LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“

183
სალომე დემურია

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“.

ბერლინში საზეიმო ღონისძიებას ქართული დელეგაციის წევრები დაესწრნენ და ქართველ მსახიობს შემოქმედებით საქმიანობაში მომავალშიც წარმატებები უსურვეს.

კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ სალომე დემურია 2023 წლის 10 ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის რუსუდან გლურჯიძის ფილმში – „ანტიკვარიატი“ – შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.

მნიშვნელოვანია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა აქვს, პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.

„ევროპული კინოს ხელშეწყობა“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს და მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ბერლინი 15-25 თებერვალს მასპინძლობს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM).